რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უნგრეთმა ევროპის სამშვიდობო ფონდიდან უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს გამოყოფა დაბლოკა

OMAR MARQUES/GETTY IMAGES

უნგრეთმა ევროპის სამშვიდობო ფონდიდან უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს გამოყოფა დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას ANSA news საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

500 მილიონი ევროს პაკეტი უნდა გამოყოფილიყო მომავალ ორშაბათს, 22 მაისს, მაგრამ ბუდაპეშტმა დაბლოკა გადაწყვეტილება. ამასთან, იგი ითხოვს "გარანტებს", რომ ევროპის მშვიდობის ფონდი სამომავლოდ ექსკლუზიურად უკრაინის დახმარებისთვის არ გამოიყენება.

ამ ფონდის მეშვეობით ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ასევე ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: მოზამბიკი, საქართველო, მოლდოვა, მალი, სომალი, ნიგერი, იორდანია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლიბანი და მავრიტანია.

თებერვლის დასაწყისში ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების უახლესი მეშვიდე პაკეტი ფონდიდან, ისევე როგორც თანხების გამოყოფა ევროკავშირის სასწავლო მისიის ფარგლებში უკრაინელი სამხედროებისთვის.

გარდა ამისა, მაისის დასაწყისში ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, გამოეყო 1 მილიარდი ევრო ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების მიზნით.

კომენტარები