რუსეთი-საქართველო

რუსეთი საქართველოში აფხაზეთის გავლით სარკინიგზო ტრანზიტით დაინტერესებულია

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, სერგეი კატირინმა Российская газета-ს უთხრა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საქმიანი კავშირის განვითარების შესაძლებლობას ხედავს, კერძოდ, მისი განმარტებით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის დაწყება აუცილებელია. 

"ასევე საჭიროა სარკინიგზო ტრანზიტის ორგანიზება აბრეშუმის გზის შემდეგი მარშრუტით: ასტარა - ირანი, ასტარა - აზერბაიჯანი, გაბალა - აზერბაიჯანი, მარნეული - საქართველო და აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთში. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლებელს გახდის გაზისა და ნავთობის მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებას სტაბილურ და პროგნოზირებად ფასებში". - აღნიშნა მან.

კატირინის თქმით, რომ სარკინიგზო ტრანზიტი " გაათავისუფლებს ზემო ლარსის სასაზღვრო ხაზს და შეამცირებს საქონლის ფასს მიწოდების ზრდით“.

"თურქეთის გავლით რუსული საქონლის ტრანზიტთან დაკავშირებით არსებული ვითარების გათვალისწინებით, ასეთი გზის ორგანიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია". - ამბობს სერგეი კატირინი.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის ომის შემდეგ შეწყდა. საქართველოს ხელისუფლება აქამდე არ უჭერდა მხარს ამ გზის აღდგენის ინიციატივებს, ამის პარალელურად ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის ხელისუფლება ხშირად გამოხატავდა ინტერესს.

კომენტარები