ევროკავშირი გერმანიასა და პოლონეთში რუსული ნავთობის მიწოდების ფორმალურად შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
მანამდე, გერმანისა და პოლონეთს ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, ალიანსმა ნავთობის დრუჟბის მილსადენით იმპორტის ნება დართო იმ პირობით, რომ ისინი დროთა განმავლობაში რუსული ნავთობის მოხმარებას შეამცირებდნენ.
რეალურად, ორივე ქვეყანამ ამ მილსადენით სარგებლობა უკვე შეწყვიტა. რის გამოც, Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირის მიერ კანონის ნაწილობრივ გაუქმების საჭიროება აღარ არსებობს. ევროკავშირმა პოლონეთისა და გერმანიისთვის გამონაკლისი დაუშვა მას შემდეგ, რაც 2022 წლის ივნისში რუსულ ნავთობზე ემბარგო დააწესა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი დიდწილად სიმბოლური ხასიათის უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნებმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი ფაქტობრივად უკვე შეწყვიტეს, თავად ამ ნაბიჯმა ათობით გადამამუშავებელ ქარხანაში ლოჯისტიკური პრობლემები წარმოშვა. სულ მცირე, ბერლინთან ახლოს მდებარე ქარხანა PCK Schwedt-ი იძულებული გახდა, შეემცირებინა იმ რეგიონში მიწოდება, რომელსაც ამარაგებს.
გამონაკლისის სახით, კვლავ ნებადართულია ნაკადების გადინება სამხრეთ დრუჟბის მილსადენით, რომელიც უნგრეთს, სლოვაკეთსა და ჩეხეთს ამარაგებს.
2022 წლის მონაცემებით, გერმანია და პოლონეთი, დრუჟბის გავლით, დღეში საშუალოდ 480 000 ბარელ საწვავს იღებდნენ. ხოლო უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის დღიური მოხმარება 290 0000 ბარელს აღწევდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, 2023 წელს რუსული ნავთობის მოხმარება ამ სამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა.
დეროგაციის შეწყვეტა ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ნაწილი იქნება. ამისთვის საჭიროა ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა.
მანამდე, პოლონეთმა ჩრდილოეთ დრუჟბის მარშრუტზე სანქციების დაწესება მოითხოვა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვარშავას სამართლებრივად გაუჭირდებოდა მოსკოვთან კონტრაქტების შეწყვეტა და 2022-ში დადებული პირობის შესრულება რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ქვეყანამ ბოლო კონტრაქტი გაზაფხულზე შეაჩერა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვალში მიწოდება შეუწყვიტა.
Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ძირითადად შეეხება იმ ქვეყნებსა და პირებს, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებიან, გემებს, რომლებიც განზრახ სანავიგაციო სისტემებს თიშავენ, რათა მესამე ქვეყნების გავლით რუსეთში ტექნოლოგიური დეტალები შეიტანონ.





