რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთმა უკრაინის NATO-ში დაჩქარებულად გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

Omar Marques

პოლონეთის სენატმა უკრაინის NATO-ში დაჩქარებულად გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Spółka Akcyjna ავრცელებს

"საზარელი ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ჩვენთვის ცნობილია, რომ უკრაინა რუსეთის მოგერიებით ევროპას იცავს და აღმოსავლეთიდან მომავალი აგრესიისგან კონტინენტის დაცვაში უმნიშვნელოვანესი რგოლია... მცველებს რეალური მხარდაჭერა სჭირდებათ NATO-ს ქვეყნებთან უფრო მჭიდრო პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის სახით". - ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინას ამჟამად მთელი კონტინენტის მასშტაბით ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში დიდი სამხედრო გამოცდილება დაუგროვდა. ამასთან, NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ აქტიურად ხდება მისი საჭირო აღჭურვილობით მომარაგება. შესაბამისად, პოლონეთის სენატს მიაჩნია, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ფინეთისა და შვედეთის შემთხვევების მსგავსად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. 

რეზოლუცია ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ აღნიშნული საკითხი ივლისში დანიშნულ ვილნიუსის სამიტზე გახილონ. 

დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუსეთი გამარჯვების შემთხვევაში, არ გაჩერდება და საზღვრების დასავლეთის მიმართულებით გაფართოებას შეეცდება. 

"ალიანსმა ამ საფრთხის იდენტიფიცირება გასულ წელს, მადრიდში გამართულ სამიტზე შეძლო. პოლონეთმა, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა სწორად შეაფასეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხე. ევროპის დიდი ნაწილი მხოლოდ ახლა გვეთანხმება". - აღნიშნულია დოკუმენტში. 

კომენტარები