ჟურნალისტის მკვლელობა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა Al Jazeera-ს ჟურნალისტის სიკვდილისთვის ბოდიში მოიხადა

Al Jazeera-ს ჟურნალისტის, შირინ აბუ აკლეჰის სიკვდილის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ბოდიში მოიხადა. აკლეჰი 1 წლის წინ ჯენინში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სამხედრო ოპერაციის გაშუქებისას მოკლეს

”ვფიქრობ, ეს არის შესაძლებლობა, რომ ვთქვა, ძალიან ვწუხვართ შირინ აბუ აკლეჰის დაღუპვის გამო. ის ძალიან პროფესიონალი ჟურნალისტი იყო. ისრაელში ვაფასებთ ჩვენს დემოკრატიას და ჟურნალისტიკა და თავისუფალი პრესა დემოკრატიისთვის ღირებულია. ჩვენ გვინდა, რომ ჟურნალისტებმა თავი დაცულად იგრძნონ ისრაელში, განსაკუთრებით ომის დროს, მაშინაც კი, თუ ისინი გვაკრიტიკებენ". - თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების მთავარმა სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ CNN-თან ინტერვიუში. 

ბოდიში ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მოხსენებას მოჰყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელის სამხედროებმა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მინიმუმ 20 ჟურნალისტის მკვლელობის გამო პასუხისმგებლობა არ აიღეს.

პრესის ადვოკატირების ჯგუფის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედროების მიერ ცეცხლის გახსნას, სულ მცირე, 20 ჟურნალისტი დაიღუპა, მათგან 18 პალესტინელი იყო.

"ჟურნალისტების მოკვლისთვის პასუხისმგებლობა არავის აუღია, ბრალი არავისთვის წარუდგენიათ". - ვკითხულობთ პრესლიზში.

"ისრაელის ოფიციალური პირები უარყოფენ მტკიცებულებებსა და ჩვენებებს. ხშირად ათავისუფლებენ ჯარისკაცებს მანამ, სანამ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს". - თქვა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წევრმა.

CNN-ის გამოძიების მტკიცებით, რომელიც გასული წლის მაისში გამოქვეყნდა, მათ ჰქონდათ სამხილები, მათ შორის ორი ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ ადგილზე, სადაც გასროლა მოხდა, აქტიური შეტაკებები არ მიმდინარეობდა.

CNN-ის მიერ მოპოვებული კადრებში, რომლებიც დადასტურებულია რვა თვითმხილველის, აუდიო სასამართლო ანალიტიკოსისა და ასაფეთქებელი იარაღის ექსპერტის ჩვენებით, ჩანს, რომ ისრაელის ძალებმა ჟურნალისტს დაუმიზნეს.

მიუხედავად იმისა, რომ IDF-მა გასული წლის სექტემბერში პირველად აღიარა "დიდი შესაძლებლობის" არსებობა, რომ აბუ აკლეჰისთვის შესაძლოა "შემთხვევით" ესროლათ ისრაელის ჯარისკაცებს, მოვლენებში ჩართული სამხედროების წინააღმდეგ საქმე არ აღძრეს და არც ბრალი წაუყენეს.

კომენტარები