დიდი ბრიტანეთი

ინგლისში მამაკაცის გვამი 6 წლის დაგვიანებით, გაზის უსაფრთხოების შემოწმების დროს აღმოაჩინეს

ინგლისის ქალაქ ბოლტონში გარდაცვლილი მამაკაცის გვამი მხოლოდ მას შემდეგ იპოვეს, რაც მის ბინაში გაზის უსაფრთხოების შემოწმება გახდა საჭირო. ადგილობრივი მედიის ცნობით, 70 წლის რობერტ ალტონი, სავარაუდოდ, 2017 წელს გარდაიცვალა და მისი გვამი 6 წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს.

ბოლტონის საბინაო ასოციაცია აღნიშნავს, რომ ალტონის სიკვდილი ბინის მესაკუთრისთვისაც შეუმჩნეველი დარჩა, რომელიც ქირას ავტომატურად, საბინაო შემწეობის ფარგლებში წლების განმავლობაში იღებდა. მათი ცნობით, ალტონი 2017 წლის მაისში გარდაიცვალა.

ასოციაცია საზოგადოებას ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ზემოხსენებული შემთხვევა "სრულებით მიუღებელია" და მათ მეტი უნდა გაეკეთებინათ ალტონის კეთილდღეობის შესამოწმებლად. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მასთან კონტაქტს წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

"საბინაო ასოციაციის ყველა თანამშრომელი ღრმად შეშფოთებულია. ამავდროულად, ვიაზრებთ საზოგადოების წუხილსა და ბრაზს იმის შესახებ, რომ ალტონის გვამი ამდენი წლის განმავლობაში აღმოუჩენელი დარჩა. სრულებით მიუღებელია, რომ ასეთი რამ მოხდა. ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას და გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რათა მსგავსი შემთხვევების რისკისგან მეტად დაზღვეულები ვიყოთ". - თქვა საბინაო ასოციაცია Bolton At Home-ის ხელმძღვანელმა, ნოელ შარპმა.

კომენტარები