რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: პეკინმა დაკარგა შესაძლებლობა, იყოს შუამავალი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/Yves Herman/File Photo

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, პეკინი რჩება ბრიუსელის მთავარ პარტნიორად, მაგრამ დაკარგა შესაძლებლობა, იყოს შუამავალი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში. ამის შესახებ ბორელმა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამიტზე დისკუსიის დროს ისაუბრა.

როგორც ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, ჩინეთი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, ეკონომიკური კონკურენტი და ღირებულებითი მოწინააღმდეგეა.

"მთავარი ის არ არის, რომ შევაჩეროთ ჩინეთი ამ ტრანსფორმაციაში, არამედ როგორ დავარწმუნოთ ჩინეთი იმაში, რომ გამოიყენოს თავისი ძალა კონსტრუქციულად და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად". - თქვა ბორელმა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პეკინს აქვს გავლენა მოსკოვზე და შეუძლია, დაეხმაროს აგრესიის შეჩერებაში, მან უკვე დაკარგა შუამავლის როლი, რადგან მისი "ნეიტრალიტეტი" უფრო მეტად პრორუსული ორიენტაცია იყო.

"დიახ, ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს, მაგრამ ჯერჯერობით მათ რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ. ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რათა რუსეთი ჩინეთის ხელში არ მოვაქციოთ. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ჩინეთი თავს კომფორტულად გრძნობს იმით, რაც რუსეთში ხდება". - აღნიშნა ბორელმა.

გასულ თვეში, ბორელმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პოზიცია და ქმედებები რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მიმართ არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს შემდგომ ურთიერთობებს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის.

კომენტარები