ქართული ოცნება

კობახიძე: ვტოვებთ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსს

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნება ევროპელი სოციალისტების გაერთიანებას ტოვებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, PES-ის "იდეოლოგიური ტრანსფორმაცია" და "ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე გადასვლა" შეუთავსებელია ქართული ოცნების და ქართული საზოგადოების ფასეულობებთან და ხედვებთან. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსი და ევროპის სოციალისტურ პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, ეს დაუყოვნებლივ ეცნობება ევროპის სოციალისტურ პარტიას წერილობით" - თქვა კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ 2015 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც პარტია PES-ის დამკვირვებელი წევრია, ევროპელი სოციალისტების გაერთიანებას არ გაუკეთებია არცერთი ხმამაღალი განცხადება ქართული ოცნების მხარდასაჭერად.

"მეტიც, ცალკეული წევრები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ კამპანიებს" - თქვა კობახიძემ.

მმართველი გუნდის თავმჯდომარის შეფასებით, "ასეთ პირობებში ევროპის სოციალისტურ პარტიაში ქართული ოცნების წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არათუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპრუდუქტიული იყო".

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეიდან, ქართული ოცნება "თანაბარ საწყისებზე ითანამშრომლებს ყველა ევროპულ პოლიტიკურ პარტიასთან იმ საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ხელისუფლებას გვაქვს დასახული".

ევროპელი სოციალისტების გაერთიანებამ (PES) ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობის გამო გააკრიტიკა. პარტიის ვიცეპრეზიდენტის, კატი პირის თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრის ქმედება მიუღებელია და მას გაერთიანების პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა აქცევს. 

"ჩვენ უკვე გადაწყვიტეთ, გადაიხედოს ქართული ოცნების სტატუსი PES-ში მომავალი არჩევნებისთვის. ეს აშკარად აუცილებელი ნაბიჯია ღარიბაშვილის მოქმედების შემდეგ". - აღნიშნა PES-ის ვიცეპრეზიდენტი.

კომენტარები