საქართველო-რუსეთი

აშშ: ქართველ ხალხს რუსული ჯარის გასვლა უფრო უნდა, ვიდრე უვიზო რეჟიმი

Reuters 

ამერიკის ხმა (VOA) საქართველოს რუსეთთან უვიზო რეჟიმის აღდგენასა და პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით კომენტარს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მაშინ როცა "სასტიკ რეჟიმს" დასავლური საზოგადოება დაშორდა, ახლა რუსეთთან დაახლოების დრო არაა.  

"ამ სასტიკ რეჟიმს მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა - ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის. პირდაპირი ფრენების აღდგენის ან სავიზო რეჟიმის შეცვლის ნაცვლად, ქართველ ხალხს, სავარაუდოდ, ის ურჩევნია, რომ პუტინმა რუსეთის ჯარი გაიყვანოს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიდან". - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

განცხადებაში, ასევე საუბარია, იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც სავიზო რეჟიმის გაუქმებას შეიძლება მოჰყვეს.

"ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ შეგვაშფოთებს ის, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ ისეთი თვითმფრინავების მომსახურების გამო, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარება". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

პუტინმა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვა გააუქმა, სავიზო რეჟიმი მოხსნა

გუშინ, 10 მაისს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირ ფრენებზე არსებული შეზღუდვა გააუქმა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლიდან დღემდე რუსეთთან ცალმხრივი სავიზო რეჟიმი მოქმედებდა. 2019 წლის ივნისიდან კი რუსეთმა ე.წ. გავრილოვის ღამის საპასუხოდ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ჯერ კიდევ 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჯერ საქართველოს მთავრობა საგარეო კურსის გამო შეაქო, შემდეგ კი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის იმედი გამოთქვა.

3 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში, რეისებში ჩართული კომპანიები დასანქცირდება.

კომენტარები