საქართველო-რუსეთი

ბოკერია: პუტინს აწყობს ის, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს

რატომ შეიძლება, საქართველოს მტერს უნდოდეს, რომ დაეხმაროს საქართველოს მთავრობას. აბსურდულ ახსნას ხომ ვერ ვიპოვით, რომ უცებ მოუბრუნდა გული და კარგი უნდა ჩვენთვის. ძალიან მარტივი რამეა: ჩვენს მტერს - პუტინს აწყობს ის, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს რაცაა: ნებისმიერი დაპირისპირება დასავლეთთან, საქართველოს იზოლირება დასავლეთისგან, მარტო დატოვება არის ის, რაც რუსეთს უნდა, იმისთვის, რომ გაგვანადგუროს. 

ცოტა ხნის წინ იმაზეც იყო დისკუსია, რომ არ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ, არ შევიძინოთ ამერიკელებისგან იარაღი, თორემ რუსეთი გაბრაზდებაო. შეიძლება ამან ადამიანზე უცებ იმოქმედოს, მართლა, ვის შეიძლება უნდოდეს ომი? რა გამოდის? მტერი გვეუბნება, რომ შენ დასავლეთს არ გაეკარო, ჩამოცილდი, არ გაძლიერდე, თორემ დაგბომბავ. ხომ უნდა დაუსვა თავს კითხვა - ამას რატომ გეუბნება? იმიტომ, რომ მაინც უნდა შენი დაბომბვა, როცა ამის შანსი მოეცემა. 

მთავარი ხრიკი არის ეს, რომ ეს დაშვება გააკეთეს და საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. იმედი მაქვს, ეს ნაწილი მცირდება, სრული პატივისცემით ვიძახი. [ამბობენ] შესაძლებელია გადარჩე რუსეთის აგრესიას, თუ გაუგორებ რაღაცებს... თუ არ შეეჩხირები თვალში, შეიძლება გადარჩეო. ეს არის ყველაზე დიდი სიცრუე. რეალურად პუტინს უხარია ის, რომ ჩვენ დაუცველები ვრჩებით მისი აგრესიის წინაშე. 

ხვალ, უკრაინაში მარცხის შემდეგაც კი, დასუსტებული რუსეთიც კი, პუტინის შემდგომი რუსეთიც კი, თუ საოცრება არ მოხდა და რუსეთი ნორმალურ ქვეყანად არ იქცა (რაზეც არ უნდა გავთვალოთ, რადგან საოცრების იმედად ყოფნა უპასუხისმგებლობაა), მაშინაც კი რუსეთი იქნება საფრთხე. უნდა გვახსოვდეს, რა მოხდა, როცა საბჭოთა კავშირი, ეს ბოროტების იმპერია თავზე დაენგრა რუსეთს და "დემოკრატი" ელცინი იყო. იყო დასუსტებული რუსეთი, მაგრამ ჩვენ, იმის გამო რომ სხვადასხვა მიზეზებით მარტოები დავრჩით, გადაგვიარეს. დაამხეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის მცდელობა. გენოციდი მოგვიწყეს აფხაზეთში.

ამიტომ, პირდაპირ უნდა დავსვათ კითხვა. ის რაც, ჩვენს მტერს უხარია, ჩვენთვის ცუდია. მწყობრი ლოგიკაა. ჩვენს მტერს უხარია, რომ გვყავს მთავრობა, რომელიც მის გასაკეთებელს აკეთებს მათ წინაშე საქართველოს მარტო დატოვებით.

თქვა ტვ პირველის ეთერში პარტია ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ რუსეთის მიერ საქართველოსთვის სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით.

კომენტარები