ქართული ოცნება

კალაძე: თუ პრემიერის ნათქვამი წინააღმდეგობაში მოდის PES-თან, მათთან არაფერი გვესაქმება

ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რითაც ვამაყობთ - ჩვენი ქვეყანა, ჩვენი წარსული, ტრადიციები, ღირებულებები. მაგალითად, ოჯახი, რაც მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ღირებულებებით უნდა გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია.

როდესაც ვისმენთ ამ ტიპის განცხადებებს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გულდასაწყვეტია, თუ მათ მართლა აქვთ ეს დამოკიდებულება. რაზე ისაუბრა პრემიერმა და რაზე იყო ყურადღება გამახვილებული - ტრადიციებზე, კულტურაზე, ღირებულებებზე, ოჯახზე და თუ ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ პარტიასთან,  რა თქმა უნდა, არაფერი გვესაქმება მათთან, თუმცა თანამშრომლობას გავაგრძელებთ.

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე ევროპელი სოციალისტების გაერთიანების (PES) განცხადებაზე. PES-მა ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობის გამო გააკრიტიკა. პარტიის ვიცეპრეზიდენტის, კატი პირის თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრის ქმედება მიუღებელია და მას გაერთიანების პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა აქცევს. 

"ჩვენ უკვე გადაწყვიტეთ, გადაიხედოს ქართული ოცნების სტატუსი PES-ში მომავალი არჩევნებისთვის. ეს აშკარად აუცილებელი ნაბიჯია ღარიბაშვილის მოქმედების შემდეგ". - აღნიშნავს PES-ის ვიცეპრეზიდენტი.

კომენტარები