რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში ბრიანსკის რკინიგზაზე კვლავ აფეთქება მოხდა, რელსებიდან 20 ვაგონი გადავარდა

რელსებიდან გადავარდნილი ვაგონი.
კადრი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებული ვიდეოდან.

2 მაისს რუსეთის ბრიანსკის ოლქში რკინიგზა კიდევ ერთხელ ააფეთქეს. საბოლოო მონაცემებით, რელსებიდან ლოკომოტივი და 20 ვაგონი გადავარდა. აქამდე აფეთქება რკინიგზაზე ერთი დღით ადრე, 1-ელ მაისს მოხდა.

როგორც ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი წერდა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ვაგონების გადავარდნის შედეგად ხანძარი არ გაჩენილია. 

აფეთქება მოსკოვის დროით დაახლოებით 19:47-ზე მოხდა, მაშინ, როცა რელსებზე 70-ვაგონიანი მატარებელი გადაადგილდებოდა. 

როგორც ტელეგრამ-არხი BAZA წერს, სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლებიც ერთმანეთისგან 50-50 მეტრით იყვნენ დაშორებული, ერთდროულად გააქტიურდა. მათი ცნობით, ერთ-ერთი ასაფეთქებელი ლოკომოტივის ქვეშ აფეთქდა. ამავე ინფორმაციით, დაზიანებულია რკინიგზის 300-კილომეტრიანი მონაკვეთი.

ამას გარდა, BAZA წერს, რომ გადმოყირავებული ვაგონებიდან სავარაუდოდ გოგირდმა და ამონიუმის ნიტრატმა გაჟონა.

რუსეთის უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში გასულ ღამეს კიდევ რამდენიმე შეხვედრა მოხდა. BAZA-ს ინფორმაციით, გასულ ღამეს უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ბომბი ჩამოაგდო  ბელგოროდის ოლქში მშენებარე თავდაცვით შენობასთან. ასევე, ამავე ოლქში კიდევ ერთმა დრონმა ელექტროსადგურზე თავდასხმა სცადა, თუმცა ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ჩამოაგდო. მათივე ინფორმაციით, დრონმა ასაფეთქებელი ჩამოაგდო ბრიანსკის ოლქშიც.

დილით გავრცელდა ცნობა, რომ უპილოტო საფრენმა აპარატი თავს დაესხა ბრიანსკის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომსაც და შედეგად მცირედ დაზიანდა Ан-124, რომელიც ექსპლუატაციაში არ ყოფილა.

პარალელურად, რუსეთის კრასნოდარის ოლქში ნავთობის საცავი იწვოდა. რუსეთის საგანგებო სამსახურის ცნობით, ხანძარი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

აქამდე 1-ელ მაისს ბრიანსკში რკინიგზაზე აფეთქება მოხდა. შედეგად რელსებიდან 8 ვაგონი გადავარდა და ხანძარი გაჩნდა.

ბრიანსკის ოლქი უკრაინას ესაზღვრება. 2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა.

კომენტარები