აშშ

აშშ: ჰავაის კუნძულების საჰაერო სივრცეში დაუდგენელი წარმოშობის ბუშტი მოძრაობს

OSINTdefender/Twitter

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ჰავაის კუნძულების საჰაერო სივრცეში აღმოაჩინეს ბუშტი, რომელიც აშშ-ს დასავლეთ სანაპიროს მიმართულებით მოძრაობს. ამავე ინფორმაციით, ბუშტის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა. 

NBC news ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ბუშტს თვალყურს გასული კვირის ბოლოდან ადევნებენ. ოფიციალური პირების განმარტებით, ბუშტი საჰაერო მიმოსვლისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

აშშ-ში არ ადასტურებენ, რომ ბუშტი ჩინური წარმოშობისაა, თუმცა, ისინი კვლავ მუშაობენ მის იდენტიფიცირებაზე.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, ბუშტი 36 000 ფუტის სიმაღლეზე დაფრინავდა და "არავითარი მინიშნება არ ყოფილა, რომ მას უცხოელი ან მოწინააღმდეგე აქტორი აკონტროლებდა. ბუშტი არ გადიოდა უშუალოდ თავდაცვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ან აშშ-ს მთავრობის სხვა მგრძნობიარე ობიექტებზე და არც სამხედრო ან ფიზიკურ საფრთხეს წარმოადგენდა ხალხისთვის".

4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი ობიექტი ჩამოაგდეს.

მანამდე კი თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, აშშ-ს სამხედრო ლიდერები დანადგარის ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხის გამო ბუშტის ჩამოგდებაზე უარს ამბობდნენ.

ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა, მათი მტკიცებით, დანადგარი მეტეოროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა და მიმართულებას უამინდობის გამო გადაუხვია.

კომენტარები