ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრი

ჩუბინაშვილის ცენტრის საბჭო კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივის

netgazeti

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭო კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივის.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ცენტრის ინტერესებს წარმოადგენს, აქვეყნებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტრო საბჭოს უფლებამოსილებაში ერევა და თამარ ბელაშვილს დისკრიმინაციულად ეპყრობა.

ამავე ინფორმაციით, 2022 წლის 15 თებერვლიდან, ცენტრის დირექტორს, თამარ ბელაშვილს უფლებამოსილების ვადა  ამოეწურა. კანონმდებლობის შესაბამისად, სამეცნიერო საბჭომ, 2022 წლის 16 თებერვალს, ცენტრის დირექტორის პოზიციაზე ღია კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც ეცნობა სამინისტროს.

განცხადების მიხედვით, კონკურსი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ცენტრის სამეცნიერო საბჭომ არჩევანი კვლავ თამარ ბელაშვილის კანდიდატურაზე შეაჩერა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სამინისტრო ვალდებული იყო, საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატი დაემტკიცებინა, თუმცა უწყებამ ვალდებულების შესრულებაზე დაუსაბუთებლად თქვა უარი და სამეცნიერო საბჭოს მიუთითა, რომ გამოეცხადებინა ახალი კონკურსი, დირექტორის კანდიდატურა კი წინასწარ ყოფილიყო მათთან შეთანხმებული.

"საიას შეფასებით, სამინისტროს მიერ კანონის შესაბამისად ცენტრის დირექტორად არჩეული თამარ ბელაშვილის დამტკიცებაზე უარი და ცენტრის სამეცნიერო საბჭოსთვის დირექტორის კანდიდატურის წინასწარ შეთანხმების მოთხოვნა წარმოადგენს სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილებებში უხეშ ჩარევას. ასევე, სამინისტროს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია თამარ ბელაშვილთან მიმართებით". - ვკითხულობთ განცხადებაში.  

საია აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. ამასთან, საია-ს განცხადებით, სამინისტრო ითხოვს სამეცნიერო საბჭოს მოსარჩელეთა წრიდან ჩამოშორებას და საქმის შეწყვეტას იმ დასაბუთებით, რომ სამეცნიერო საბჭო არ წარმოადგენს ცალკე სამართლის სუბიექტს და მას არ აქვს დავის უფლება. 

"აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, სამინისტრო ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის ცენტრს, რაც გამოიხატება დებულებაში ცვლილებების შეტანის, საშტატო ნუსხის დამტკიცების შეფერხებასა და ბიუჯეტის ფორმირების გაჭიანურებაში". - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები