ისრაელში პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.
მედიის ინფორმაციით, მხოლოდ თელ-ავივში აქციაზე 200 000 ადამიანი შეიკრიბა. 30 000 ადამიანი შეიკრიბა ჰაიფაში, 18 000-მდე კფარში, ხოლო 16 000 ნეთანიაში. აქციები ქვეყნის მასშტაბით ათობით ლოკაციაზე გაიმართა. ორგანიზატორების ცნობით, ჯამში ქუჩებში დაახლოებით 430 000 ადამიანი გამოვიდა.
30 აპრილს ისრაელის პარლამენტი სხდომებს ანახლებს, რის გამოც ისრაელელები მოელიან, რომ მთავრობა სადავო რეფორმის გატარების მცდელობას გააგრძელებს. მანამდე 17 აპრილს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მის საბოლოო მიზნად კვლავ რჩებოდა რეფორმის ამოქმედება, თუმცა დროებით ამ მიმართულებით მისი მცდელობები შეწყდებოდა.
ისრაელის ახალი მთავრობა, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდითა და ულტრამემარჯვენე პარტიებისგანაა დაკომპლექტებული, შესაძლო რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შედეგად, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. მთავრობის გეგმა, კანონად ქცევის შემთხვევაში, მათ საშუალებას მისცემს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მინიმალური უმრავლესობით დაძლიონ და მოსამართლეებიც თავად დანიშნონ.
გეგმის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის წინააღმდეგაც კორუფციასთან დაკავშირებული საქმეა აღძრული, სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება სურს და ეს საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო თავისუფლებებს, დააზიანებს ეკონომიკასა და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობას.
მასშტაბურ საპროტესტო აქციებში ჩართული არიან ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებიც. მათი სხვადასხვა დანაყოფი რამდენჯერმე გაიფიცა.