ცოფის ვირუსი

ცოფის დადასტურების გამო, მარტვილის მუნიციპალიტეტში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა

საილუსტრაციო ფოტო
shutterstock

მას შემდეგ, რაც ძაღლს ცოფი დაუდასტურდა, მარტვილის მუნიციპალიტეტში ვეტერინარული კარანტინი გამოაცხადეს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“შესაბამისი განკარგულება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკვე გამოსცა". – წერს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია.

როგორც მუნიციპალიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, კარანტინი გავრცელდება ქალაქ მარტვილში, დაავადების კერიდან 10 კილომეტრის რადიუსში. საშიშ ზონაში ჩატარდება ცხოველების ვაქცინაცია, აცრილი ცხოველები იზოლაციაში 60 დღე უნდა დარჩნენ. კარანტინის მოქმედების დროს იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც.

"განკარგულების თანახმად, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში გატარდება ცხოველების ვაქცინაცია, 2-3 კილომეტრის რადიუსით (განურჩევლად წინა ვაქცინაციის ჩატარების ვადებისა), აცრილი ცხოველის იზოლირება უნდა მოხდეს აცრიდან 60 დღის განმავლობაში. კარანტინის პერიოდში, იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც. მოხდება ცოფიანი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სადგომებისა და დადორბლილი საგნების დეზინფექცია". – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ცხოველის მიერ დაკბენილი ან დადორბლილი ადამიანები აყვანილი იქნებიან ანტირაბიულ კონტროლზე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ კარანტინი მოიხსნება ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ.

მუნიციპალიტეტის მერია ხაზს უსვამს, რომ "24 აპრილს მარტვილში დაფიქსირდა მიუსაფარი ძაღლის მიერ 10 ადამიანის დაკბენვის ფაქტი. ყველა მათგანს ჩაუტარდა პრევენციული (ანტირაბიული) მკურნალობა. ძაღლი დაკვირვების მიზნით, გადაყვანილი იყო თავშესაფარში, სადაც ცხოველი მოკვდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა დღეიდანვე დაიწყეს ვეტერინარული ღონისძიებები".

კომენტარები