კრიმინალი

ადვოკატი: შალვა იაშვილს არ უძალადია, რენატა ბეგიაშვილი დანის გამოყენებასაც არ მოერიდა

რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული შალვა იაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ დაზარალებული შემთხვევის დროს “ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ” იმყოფებოდა და “არ მოერიდა ცივი იარაღის გამოყენებას”.

“დაზარალებულად ცნობილი პირის მეჯვარე და მისი სხვა უახლოესი მეგობრები საგამოძიებო ორგანოს აწვდიან ინფორმაციას, რომ შალვა იაშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის ძალადობას. პირიქით, დაზარალებულად ცნობილი პირი იმყოფებოდა ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ, პირველივე წითებიდან შალვა იაშვილის მიმართ ავლენდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც შემდგომ მისი მხრიდან გადაიზარდა ფიზიკურ კონფლიქტში - ცდილობდა სხვადასხვაგვარი დაზიანების მიყენებას შალვა იაშვილისათვის, მათ შორის, არ მოერიდა ცივი იარაღის გამოყენებას. დანა, დაზიანებულ მდგომარეობაში, ამოღებულია საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან”. - ამბობს თეონა გვაზავა. 

მისივე მტკიცებით ბეგიაშვილმა კაცი უკნიდან შებოჭა და ყელზე ჯაჭვი შემოახვია. 

მედიასთან ისაუბრა რენატა ბეგიაშვილის მამამ, ზურა ბეგიაშვილმაც.

”რენატას მხრიდან იყო რაღაც, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თუ ეგეთი რაღაც… მერე, როგორც ვიცი, ფეხსაცმელი ესროლა. მაგათ კონფლიქტზე ვერაფერს ვერ გეტყვით, მე არ მინახავს, მე არ შევსწრებივარ”. - ამბობს ის. 

რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მის ქმარს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიუსაჯა. იაშვილი ამტკიცებდა, რომ ძალადობის მსხვეროლი თავად იყო. 

შალვა იაშვილი 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. 

ბეგიაშვილმა ქმრის მიერ მასზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია და ფოტო 24 აპრილს გაავრცელა. პოსტის შემდეგ მალევე შალვა იაშვილმა Facebook-ის საშუალებით ბრალდება უარყო, თუმცა მისი ანგარიში წაიშალა.

კომენტარები