დაპირისპირება სუდანში

სუდანიდან საქართველოს ყველა მოქალაქე გამოვიყვანეთ - საგარეო

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი

საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში გადაიყვანეს. საგარეო უწყების ცნობით, უახლოეს პერიოდში ისინი ეგვიპტიდან საქართველოში გამოფრინდებიან.

“ახლა საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან სუდანისა და ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში. ველოდებით, რომ მათ უკვე დატოვონ სუდანი და გადავიდნენ ეგვიპტეში, საიდანაც მოხდება მათი ტრანსპორტირება სამშობლოში, საქართველოში.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საელჩოების, პარტნიორებისა და კომპანიების ჩართულობით, ეს ევაკუაცია განხორციელდა წარმატებით და საქართველოს არცერთი მოქალაქე დღეს სუდანში არ იმყოფება. ამ ქვეყნიდან ყველა უსაფრთხოდ არის გამოყვანილი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.


სუდანში საქართველოს 35-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის, ავიაკომპანიების, MyWay Airlines-ისა და Geo Sky-ის თანამშრომლები.


სუდანის დედაქალაქ ხართუმში არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც სუდანის დედაქალაქ ხართუმში 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო, მოვლენებს, სულ მცირე, 97 მშვიდობიანი პირი ემსხვერპლა, კიდევ 365 კი დაშავდა. გასამხედროებულ ძალებსა და არმიას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა ვერ მოახერხა. 

BBC წერს, რომ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკების შემდეგ სუდანის დედაქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები შენიშნეს. ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, ისინი სუდანის საჰაერო ძალებს ეკუთვნიან და ამასთან, სწრაფი რეაგირების ძალებთან (RSF) დაკავშირებულ სამიზნეებზე იერიში მიიტანეს. 

RSF-ის მტკიცებით, მათ კონტროლი პრეზიდენტის სასახლეზე, არმიის მეთაურის რეზიდენციასა და ხართუმის საერთაშორისო აეროპორტზე დაამყარეს, რასაც სუდანის არმია უარყოფს. მანამდე RSF-მ აღნიშნა, რომ არმია ხართუმის სამხრეთით მდებარე მის ერთ-ერთ ბანაკს თავს დაესხა, ხოლო არმიის თქმით, RSF-ის მებრძოლები მათი სამხედრო შტაბის დაკავებას ცდილობდნენ. 

ხუთშაბათს, 13 აპრილს RSF-მა თავისი ძალები სამხედრო ბაზის მახლობლად, ჩრდილოეთ ქალაქ მეროვეში განათავსა. პარალელურად, გენერალმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რათა გადაჭრას დავა იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს ერთიან არმიას სამოქალაქო მთავრობაში. ერთიანი არმიის შექმნის გადადების წინადადებით, რომელიც RSF-ს ეროვნულ არმიაში ინკორპორირებას გულისხმობს, თავდაპირველად RSF გამოვიდა, რასაც სუდანის არმია, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს არა 10 წლის, არამედ 2 წლის ვადაში უნდა მოხდეს. 

დასავლურმა ძალებმა და რეგიონის ლიდერებმა ორ მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს, რათა ქვეყანაში სამხედრო მმართველობა სამოქალაქომ მშვიდობიანად ჩაანაცვლოს. 

კომენტარები