რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი ადასტურებს, რომ მისი შვილი ვაგნერის ჯგუფის წევრი იყო და უკრაინაში იბრძოდა

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ მისი უფროსი შვილი, ნიკოლაი პესკოვი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის წევრი იყო და უკრაინაში იბრძოდა

"ნამდვილად, მან მონაწილეობა მიიღო სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში". – თქვა პესკოვმა. 

კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა მისმა შვილმა გაწევრიანებულიყო კერძო სამხედრო კომპანიაში, ნაცვლად რუსეთის შეიარაღებული ძალებისა, პესკოვმა უპასუხა, რომ ეს მისი შვილის გადაწყვეტილება იყო და აღნიშნა, რომ ის წარსულში რუსეთის შეიარაღებულ ძალებშიც მსახურობდა. 

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის შვილმა, ნიკოლაი პესკოვმა ვაგნერის ჯგუფის წევრობის შესახებ რუსულ მედიასთან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ დმიტრი პესკოვმა მას ჯგუფის რიგებში შვილის აყვანა სთხოვა.

რუსულ პროპაგანდისტულ მედია Комсомольская правда-სთან საუბარში ნიკოლაი პესკოვმა, რომელიც ცნობილია, როგორ ნიკოლაი ჩოულზი, თქვა, რომ ვაგნერთან დაკავშირებაში ომის დაწყების დროს მამამისი დაეხმარა. "ვკითხე, როგორ უნდა დავკავშირებოდი კერძო სამხედრო კომპანიას და ის ამაში დამეხმარა". – თქვა ჩოულზმა. მისი თქმით, ის საომრად იმიტომ წავიდა, რომ ეს საკუთარ მოვალეობად მიაჩნდა და ახლობლებმა მის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. 

ჩოულზის თქმით, ის ვაგნერში სხვა გვარით გაწევრიანდა. მას არ დაუსახელებია გვარი, რადგან, მისი თქმით, ის შეიძლება კიდევ დასჭირდეს. პესკოვის შვილის თქმით, მან მიიღო მედალი "სიმამაცისთვის", უკრაინაში "გარკვეული სამხედრო გმირობის" გამო.  ჩოულზმა ვაგნერის მოქირავნეებს "მეგობრული კოლექტივი" უწოდა და დაამატა, რომ მათთან ომში დაბრუნება სურს.

21 აპრილს გავრცელებულ ვიდეოში პრიგოჟინი ამბობდა, რომ მას დმიტრი პესკოვმა შვილის ვაგნერში მიღება სთხოვა. საუბრის დროს მას არ უთქვამს სახელი, თუმცა ირონიულად აღნიშნა, რომ პესკოვის შვილი ცხოვრების ნახევარი "ამერიკაში ან ინგლისში ცხოვრობდა".

"მოვიდა და მითხრა, უბრალო არტილერისტად წაიყვანეო, სხვათა შორის, კარგად იმუშავა... ცოტამ თუ იცის ამის შესახებ". – თქვა პრიგოჟინმა. 

ამის შემდეგ პრიგოჟინმა თქვა, რომ დმიტრი პესკოვი მას 2022 წლის ზაფხულში დაუკავშრდა. პრიგოჟინი ამბობს, რომ მან კრემლის სპიკერს ურჩია, არ გაეგზავნა შვილი რუსეთის ფედერაციის თავდაცვაში, რადგან იქ "ან შტაბში ჯდომა მოუწევდა, ან ხორცად გაუშვებდნენ". პრიგოჟინის თქმით, პესკოვის შვილი ვაგნერში გაყალბებული დოკუმენტებით მიიღო. მისივე თქმით, პესკოვის შვილმა ნახევარი წელი იმსახურა და შემდეგ წავიდა. 

პრიგოჟინის დახასიათებაში პესკოვის შვილებიდან ჯდებოდა 33 წლის ნიკოლაი, რომელიც დიდ ბრიტანეთში 10 წელი ცხოვრობდა და რუსეთში 2011-2012 წლებში დაბრუნდა.

რუსულ ტელეგრამ-არხებზე წერენ, რომ ნიკოლაი ჩოულზის მტკიცება შესაძლოა ტყუილი იყოს, რადგან, მათი მონაცემებით, მაშინ, როცა პესკოვის შვილს უკრაინაში უნდა ებრძოლა, მის ტესლას მარკის ავტომობილზე ორი ჯარიმა იყო მისული. მანქანით წესები 2022 წლის 24 ივლისსა და 6 ნოემბერს დაარღვიეს. ერთ-ერთი ტელეგრამ-არხი ასევე წერდა, რომ ამ მანქანას დმიტრი პესკოვიც იყენებდა.

2023 წლის იანვარში ჩოულზი გამოჩნდა რუსი პროპაგანდისტის ვლადიმირ სოლოვიოვის ვიდეოში, როგორც ამას თავად პროპაგანდისტი წერს. 

როდესაც 2022 წლის სექტემბერში რუსეთში მობილიზაცია გამოაცხადეს, პესკოვის შვილი ამბობდა, რომ მისი ომში გაგზავნა "არც თუ ისე სწორი" იქნებოდა. მას რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი, დმიტრი ნიზოვცევი დაუკავშირდა, როგორც სამხედრო კომისარი და ჰკითხა, მზად იყო თუ არა უკრაინაში საბრძოლველად. პესკოვის შვილმა უპასუხა, რომ: "ეს არც თუ ისე სწორია, მე რომ იქ ვიყო". მან სამხედრო კომისარიატში გამოცხადებაზე უარი თქვა და საუბრის დროს აღნიშნა, რომ: "თუ საჭირო გახდება სამშობლოს დაცვა, არ ინერვიულოთ, თქვენთან ვიქნები". 22 აპრილის ინტერვიუში ნიკოლაი ჩოულზი ამტკიცებდა, რომ, როდესაც მას დაურეკეს, ის უკვე ემზადებოდა სამხედრო სამსახურისთვის და ზარის დროს "ნერვიულობდა".

კომენტარები