თბილისის მერია

მერია: დედაქალაქში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერია

თბილისის მერიის ცნობით, თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლებმა დედაქალაქში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყეს.

"ამჯერად მიწისქვეშა გადასასვლელები მოირეცხა და ამინდის გაუმჯობესებისთანავე ქუჩების სისტემატური მორეცხვა განხორციელდება" - აცხადებს მერია და აღნიშნავს, რომ სამუშაო პროცესს თბილსერვის ჯგუფის დირექტორის მოადგილეები გაეცნენ.

"დღეს 15 მიწისქვეშა გადასასვლელი ირეცხება სპეციალური ხსნარებით. გამომდინარე იქიდან, რომ წვიმიან ამინდში ქუჩების მორეცხვის საჭიროება არ არის, მას შემდეგ შევასრულებთ ანალოგიურ სამუშაოს, როდესაც ამინდი გაუმჯობესდება. ვფიქრობთ, ამ კვირის განმავლობაში გადავალთ გზების ინტენსიურ მორეცხვაზე. მსგავსი ტიპის სამუშაოები, თბილისის მასშტაბით, მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება“, - ამბობს დირექტორის მოადგილე დავით გელოვანი.

"მიწისქვეშა გადასასვლელების, გზების, ნაგავშემკრები კონტეინერებისა და ტრანსპორტის გაჩერებისთვის განკუთვნილი მოსაცდელების მორეცხვა გრაფიკის მიხედვით მოხდება. ქუჩები, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ინტენსივობით მოირეცხება" - აცხადებს მერია.

კომენტარები