რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონური მედია: დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთში ექსპორტის სრულად აკრძალვას განიხილავენ

დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთში ექსპორტის სრულად აკრძალვას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია Kyodo ავრცელებს იაპონიის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით. 

დიდი შვიდეულის სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში 19-21 მაისის პერიოდში გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის დახმარება და რუსეთისთვის სანქციების გაზრდა იქნება. სამიტს ასევე დისტანციურად დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა რუსეთში ექსპორტი უკვე ბევრ პროდუქციაზე აკრძალეს, მათ შორის სამხედრო გამოყენების პროდუქციასა და ფუფუნების საგნებზე. იაპონიის სამთავრობო წყაროს მიხედვით, შესაძლოა, დამატებითი სანქციების შედეგად ასევე აიკრძალოს მანქანების, საბურავების, კოსმეტიკური საშუალებებისა და ტანსაცმლის ექსპორტი.

იაპონიის კაბინეტის ხელმძღვანელმა ჰიროკაზუ მაცუნომ Reuters-თან კომენტარის მიცემისას თავი შეიკავა დამატებითი სანქციების შესახებ დატელბზე საუბრისგან და ყურადღება გაამახვილა, ზოგადად, დიდი შვიდეულის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების მნიშვნელობაზე.

"ახლა, რუსეთის აგრესიის რაც შეიძლება სწრაფად დადასრულებლად მნიშვნელოვანია, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები დარჩნენ ერთიანი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ მკაცრი სანქციების საკითხზე და მხარი დაუჭირონ უკრაინას". – თქვა მაცუნომ. 

 

კომენტარები