უკრაინული მარცვლეული

Reuters: ევროკავშირი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

ევროკავშირი უკრაინის მოსაზღვრე ბლოკის წევრი ქვეყნების ფერმერებისთვის 100 მილიონი ევროს ღირებულების კომპენსაციას ამზადებს და გეგმავს უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვები დააწესოს.

მას შემდეგ რაც ვარშავამ და ბუდაპეშტმა უკრაინული ხორბლის ზოგიერთი პროდუქტის იმპორტზე შეზღუდვები დააწესეს და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც განაცხადეს, რომ ამავე ქმედებას განიხილავდნენ, ბრიუსელი მოექცა ზეწოლის ქვეშ, რომ ბლოკში ამ საკითხის გადაჭრის გზა შეემუშავებინა. ამ ქვეყნებში უკრაინული ხორბლის ტრანზიტი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის შეჭრის გამო პროდუქტების ზღვის საშუალებით მიწოდება შეიზღუდა. ადგილობრივი ფერმერების პროდუქტს უკრაინული იაფი და დიდი რაოდენობის ხორბლის სახით კონკურენტი გამოუჩნდა და საკუთარ პროდუქტზე ფასის დაწევა მოუწიათ.

ევროკომისიაში თქვეს, რომ შეზღუდვებს მიიღებდნენ ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირისა და რაფსის პროდუქტებზე, მას შემდეგ, რაც ერთობლივი უკმაყოფილება გამოთქვა ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა.

როგორც Reuters-ი წერს, ევროკავშირის მაღალჩინოსნის თქმით, მარცვლეული ამ ხუთ ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ პროდუქტი ევროკავშირის სხვა ქვეყნებსა და დანარჩენ მსოფლიოში იმპორტისთვის იქნება განკუთვნილი. ეს შეზღუდვა ივნისის ბოლომდე იმოქმედებს.

ამას გარდა, ევროკომისია აპირებს შექმნას ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს, არსებობს თუ არა საჭიროება დაწესდეს მსგავსი შეზღუდვები სხვა პროდუქტებზეც. საჩქარო ზომები, როგორც მათ ევროკომისიაში უწოდეს, შესაძლოა რამდენიმე დღეში ამოქმედდეს, თუმცა, როგორც Reuters-ი აღნიშნავს, საგამოძიებო მუშაობას 6 თვე მაინც დასჭირდება.

19 აპრილს ევროპული ვაჭრობის კომისარი, ვალდის დომბროვსკი დაზარალებული ქვეყნების მინისტრებთან და უკრაინელ კოლეგებთან მარცვლეულის საკითხს განიხილავს.


მას შემდეგ, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა დროებით შეზღუდეს უკრაინული მარცვლეულისა და სხვა პროდუქციის იმპორტი ევროკომისიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიუღებელია უნგრეთისა და პოლონეთის გადაწყვეტილება უკრაინული ხორბლის იმპორტის შეჩერებასთან დაკავშირებით.

"სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და ამიტომ ერთმხრივი გადაწყვეტილებები მიუღებელია." - ვკითხულობთ ევროკომისიის განცხადებაში.

ქვეყნის ლიდერები დროებით შეზღუდვას პოლონური სოფლების კრიზისში აღმოჩენით ხსნიდნენ და ამბობდნენ, რომ ეს პოლონურ-უკრაინულ ურთიერთობებზე არ აისახებოდა.

ვარშავის გადაწყვეტილებაზე პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ისაუბრა და თქვა, რომ სიტუაციის მოსაგვარებლად ორმხრივი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია.

"ამჟამად, ცალმხრივი მკვეთრი ქმედებები არ დააჩქარებს სიტუაციის პოზიტიურ მოგვარებას." - ამბობს მორავიეცკი.

მალევე პოლონეთისა და უნგრეთის მიერ დაწესებულ დროებით შეზღუდვებს უკრაინული პროდუქტის იმპორტთან დაკავშირებით სლოვაკეთიც შეუერთდა.

გამოცემა The Guardian-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ დაბალმა გლობალურმა ფასებმა და პროდუქტზე მოთხოვნამ საერთო ბაზარზე აჩვენა, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით უკრაინული მარცვლეული რჩებოდა ბლოკში და შედარებით ნაკლები რაოდენობის პროდუქტი იყიდებოდა, რამაც ევროპული ქვეყნები ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. 

კომენტარები