რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთი თანახმაა, განაახლოს უკრაინული სურსათის ტრანზიტი

REUTERS/Kacper Pempel/File Photo

პოლონეთი თანახმაა, განაახლოს უკრაინული სასურსათო პროდუქციის იმპორტი საკუთარ ტერიტორიაზე, მას შემდეგ, რაც ქვეყნის გადაწყვეტილებამ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

"ჩვენ შევძელით, შეგვემუშავებინა მექანიზმი, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ არცერთი ტონა (უკრაინული პროდუქცია) არ დარჩება პოლონეთში და მოხდება საქონლის ტრანზიტი პოლონეთიდან ევროპის სხვა ქვეყნებში ან პოლონურ პორტებში ბალტიის ზღვაზე". - თქვა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა უკრაინულ ოფიციალურ მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვარშავაში.

ტელუსმა ასევე თქვა, რომ სატრანზიტო შეზღუდვები 18 აპრილის საღამოს მოიხსნებოდა.


მას შემდეგ, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა დროებით შეზღუდეს უკრაინული მარცვლეულისა და სხვა პროდუქციის იმპორტი ევროკომისიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიუღებელია უნგრეთისა და პოლონეთის გადაწყვეტილება უკრაინული ხორბლის იმპორტის შეჩერებასთან დაკავშირებით.

"სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და ამიტომ ერთმხრივი გადაწყვეტილებები მიუღებელია." - ვკითხულობთ ევროკომისიის განცხადებაში.

ქვეყნის ლიდერები დროებით შეზღუდვას პოლონური სოფლების კრიზისში აღმოჩენით ხსნიდნენ და ამბობდნენ, რომ ეს პოლონურ-უკრაინულ ურთიერთობებზე არ აისახებოდა.

ვარშავის გადაწყვეტილებაზე პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ისაუბრა და თქვა, რომ სიტუაციის მოსაგვარებლად ორმხრივი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია.

"ამჟამად, ცალმხრივი მკვეთრი ქმედებები არ დააჩქარებს სიტუაციის პოზიტიურ მოგვარებას." - ამბობს მორავიეცკი.

მალევე პოლონეთისა და უნგრეთის მიერ დაწესებულ დროებით შეზღუდვებს უკრაინული პროდუქტის იმპორტთან დაკავშირებით სლოვაკეთიც შეუერთდა.

გამოცემა The Guardian-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ დაბალმა გლობალურმა ფასებმა და პროდუქტზე მოთხოვნამ საერთო ბაზარზე აჩვენა, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით უკრაინული მარცვლეული რჩებოდა ბლოკში და შედარებით ნაკლები რაოდენობის პროდუქტი იყიდებოდა, რამაც ევროპული ქვეყნები ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. 

კომენტარები