აშშ

ნაფიცმა მსაჯულებმა ჯეილანდ უოკერის სასიკვდილოდ დაჭრისთვის პოლიციელებს ბრალი არ წარუდგინეს

Phil Masturzo/Akron Beacon Journal via AP, File

ოჰაიოს გენერალური პროკურორის განცხადებით, ნაფიცმა მსაჯულებმა უარი თქვეს, ბრალი წარედგინათ რვა პოლიციელისთვის, რომელმაც 25 წლის შავკანიანი ჯეილანდ უოკერი სასიკვდილოდ დაჭრა

ოჰაიოს გენერალური პროკურორის, დეივ იოსტის თქმით, ნაფიცმა მსაჯულებმა დაასკვნეს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება კანონიერი იყო.

შემთხვევა 2022 წლის 27 ივნისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, საგზაო წესების დარღვევის გამო პოლიციამ უოკერს მანქანის გაჩერება სთხოვა, რასაც იგი არ დამორჩილდა. პოლიციის ცნობით, უოკერი იმ დროს უიარაღო იყო, როდესაც სასიკვდილოდ დაიჭრა, თუმცა ოფიცრებმა განაცხადეს, რომ მას შემდეგ რაც პოლიცია მის მანქანას აედევნა, უოკერმა მათ ცეცხლი გაუხსნა. პოლიციის ინფორმაციით, სროლის შემდეგ უოკერის მანქანაში იარაღი აღმოაჩინეს. იოსტის თქმით კი, ტყვია გზასთან ახლოს იპოვეს, რომელიც უოკერის მანქანაში ნაპოვნ იარაღს დაემთხვა.

ამასთანავე, გაკვეთის შედეგად, დადასტურდა, რომ უოკერს ცეცხლსასროლი იარაღიდან 46 ჭრილობა მიაყენეს.

უოკერის სიკვდილის შემდეგ ოჰაიოს კრიმინალური გამოძიების ბიურომ გამოძიება დაიწყო, რაც რასობრივი უსამართლობისა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.  

შემდეგ ბიუროს გამოძიება გადაეცა სპეციალურ პროკურორს, რომელმაც საქმე ნაფიც მსაჯულებს წარუდგინა. 

კომენტარები