კრიმინალი

ახმეტაში 18 წლის მეზობელმა 71 წლის ქალი მოკლა

ახმეტაში 18 წლის კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით 71 წლის ქალი მოკლა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევას წინ უძღოდა მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ტაბულა მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალების მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

განახლება - მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, დაკავებულია 2005 წელს დაბადებული ბ.ხ. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს - დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქალაქ ახმეტაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, მეზობელი - 1952 წელს დაბადებულ ლ.ხ.- სანადირო თოფიდან გასროლით, სახის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ. ხ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს,თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები