თურქეთი

FT: თურქეთი შავი ზღვის საბადოდან მიღებული ბუნებრივი აირის პირველი მიწოდებისთვის ემზადება

Celal Gunes/Anadolu Agency/Getty Images

თურქეთი შავი ზღვის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირის პირველი მიწოდებისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა, Financial Times-ი ავრცელებს

თურქეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიის, Turkish Petroleum-ის აღმასრულებელი დირექტორის, მელიჰ ჰან ბილგინის თქმით, მიმდინარე კვირას კომპანია შავ ზღვაში მდებარე საქარიას საბადოს სამი ჭაბურღილიდან გაზის მიწოდებას დაიწყებს.

თურქეთი ბუნებრივი აირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყანაა და გაზის თითქმის 100%, რომელსაც ის მოიხმარს, საზღვარგარეთიდან მოდის. ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის კი საქარიას საბადოს პროექტი მნიშვნელოვანი სტიმული იქნება. 

ამასთან, თურქეთი საქარიას საბადოს განვითარებაზე ამერიკულ და ბრიტანულ კომპანიებთან ერთად მუშაობს.

მელიჰ ჰან ბილგინის თქმით, საბადო 10 მილიონი კუბური მეტრი გაზის გამომუშავებას დაიწყებს, როდესაც სექტემბერში შვიდი ჭაბურღილი ამოქმედდება. ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს მონაცემებზე დაყრდნობით, Financial Times-ის გამოთვლებით, ეს იქნება გასულ წელს თურქეთის მიერ ბუნებრივი აირის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 7%-ის ეკვივალენტი. 

გარდა ამისა, ბილგინმა დასძინა, რომ ადგილზე წარმოებული გაზის ნაწილი ექსპორტზე გავა, რაც მისივე თქმით, "კარგ პოტენციალს ქმნის ევროპის გაზის ბაზრისთვის" განსაკუთრებით რუსული მილსადენების დახურვის ფონზე. 

როგორც Financial Times-ი წერს, ბილგინის თქმით, რუსულ ენერგიაზე ფასდაკლებამ Turkish Petroleum-ის ბიზნესი გაზარდა, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ აგრძელებდა თურქეთი, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, მოსკოვთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. 

Turkish Petroleum-ი, რომელმაც პროექტის განვითარების პირველ ეტაპზე $1.8 მილიარდი დახარჯა, მომდევნო წლებში წარმოების გაზრდას გეგმავს.

საქარიას საბადოდან ბუნებრივი აირის მიწოდება მოხდება 14 მაისს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, სადაც თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქემალ კილიჩდაროღლუს უპირისპირდება. 

ერდოღანმა გასულ თვეს აღნიშნა, რომ ქვეყანაში 50%-ზე მაღალი ინფლაციის ფონზე, მთავრობა გაზის გადასახადებს მომხმარებლებისა და ბიზნესისთვის შეამცირებს. 

კომენტარები