რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები NATO-ში გაწევრიანებამდეც ესაჭიროება – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხთან მიმართვაში აღნიშნა. პრეზიდენტის ცნობით, საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა და უსაფრთხოების ყველა მნიშვნელოვანი საკითხი მოიცვა. ლიდერებმა მიმოიხილეს მაკრონის ჩინეთში ვიზიტის დეტალები და შედეგებიც. 

ზელენსკის თქმით, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები NATO-ში გაწევრიანებამდეც ესაჭიროება. 

"ლიტვის სამიტზე ჩვენი ერთობლივი პოზიცია, ყველა მონაწილე სახელმწიფოს პოზიცია, იმდენად ამბიციური უნდა იყოს, რამდენადაც ეს ევროპის უსაფრთხოებას სჭირდება. ამაში დარწმუნებული ვარ. ეფექტური უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, ეს არის ის, რაც საერთაშორისო წესრიგის დაცვისთვის აუცილებელია. ეს გარანტიები საჭიროა ალიანსში გაწევრიანებამდეც". - აღნიშნა ზელენსკიმ. 

პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინის სამშვიდობო ფორმულა სრულიად რეალისტური და კონკრეტულია. 

"რუსეთმა უკლებლივ ყველა ოკუპანტით უნდა დატოვოს მთელი უკრაინის ტერიტორია. გაეროსთან ასოცირებულმა ყველა დაწესებულებამ უნდა აღადგინოს მუშაობა. არ შეიძლება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის უგულებელყოფა. ეს ის პრინციპებია, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება უკრაინაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაბრუნება". - ამბობს ზელენსკი მიმართვაში. 

კომენტარები