სომხეთი

"აშშ-სომხეთის ურთიერთობა ინტენსიურად ვითარდება" – სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა სომხურ მედია CivilNet-თან ერევანისა და ვაშინგტონის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ინტენსიურია.

გრიგორიანის თქმით, აშშ-სთან ურთიერთობა საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

"სომხეთისა და აშშ-ს შორის ურთიერთობის შესახებ შემიძლია ვისაუბრო. ვფიქრობ, რომ, დიახ, ის ინტენსიურად ვითარდება. ჩვენ აშშ-სთან თანამშრომლობა გვსურს უფრო ფართო ეკონომიკურ კონტექსტში წავმართოთ, რადგან, იმისთვის, რომ გვქონდეს ტექნოლოგიები, განვითარებული ეკონომიკა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები ამერიკასთან.  ამ კუთხით, ის ინტენსიურია". – თქვა გრიგორიანმა. 

გრიგორიანმა აღნიშნა, რომ მცირე ხნის წინ სომხეთში შედგა ორი ვიზიტი აშშ-ს ეკონომიკური მიმართულების წარმომადგენლებთან. მან აღნიშნა, რომ სომხეთი ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.

გრიგორიანმა აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი სომხეთის არმიას რეფორმაციაში დაეხმარებოდა. მისი თქმით, აშშ-სთან ერთად სამხედრო სწავლებებში მონაწილეობა სომხურ მხარეს ცოდნას მისცემდა. მან ხაზი გაუსვა, რომ 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ ერევანმა ფართომასშტაბური სამხედრო რეფორმაცია დაიწყო.

"რეფორმების დროს გასათვალისწინებელია უკრაინაში მიმდინარე ომიც. მსგავს სწავლებებში მონაწილეობა იძლევა ახალი ცოდნისა და უნარების მიღების შესაძლებლობაც, რაც ჩვენი რეფორმების პროცესს ასევე წაადგება". – თქვა გრიგორიანმა და დაამატა, რომ წარსული გამოცდილებით, სომხეთს "არაეფექტიანი პრაქტიკა" ჰქონდა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო წვრთნებს "უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტი" გააჩნიათ და არსებობს "მრავალშრიანი კითხვები". თუმცა გრიგორიანმა აღნიშნა, რომ აშშ-სთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა ჯერ იმ დონეზე არაა, რომ ეს საკითხი განიხილონ და ამისთვის საჭიროა დრო.

სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თქმით, სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ОДКБ) წინააღმდეგობაში არ მოდის.

"ОДКБ-სთან დაკავშირებით ჩვენ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პრობლემები არ გვაქვს. არანაირი შებოჭილობა არ არსებობს". – აღნიშნა გრიგორიანმა. 

5 აპრილს პენტაგონმა გამოაქვეყნა ცნობა, რომელშიც ჩამოთვლილი იყო სამხედრო წვრთნებ Defender 23-ში მონაწილე ქვეყნების სია. სიის მიხედვით, აშშ-ს საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობას სომხეთიც მიიღებდა. თუმცა შემდეგ ვებგვერდზე ინფორმაცია განაახლეს – სომხეთი მონაწილეთა სიიდან ამოღებული იყო. პენტაგონმა ცნობას დაამატა შენიშვნა: "ამბავი განახლდა, რათა ზუსტად ასახავდეს Defender 23-ში მონაწილე ქვეყნებს. ბოდიშს გიხდით ნებისმიერი შესაძლო დაბნეულობისთვის". შემდეგში პენტაგონმა ამერიკის ხმასთან საუბარში აღნიშნა, რომ Defender 23-ის ჩამონათვალში სომხეთის ჩაწერა პენტაგონის პრესსამსახურის შიდა შეცდომა იყო.

სამხედრო ვარჯიშები 22 აპრილს დაიწყება და დაახლოებით 2 თვე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას იღებს 9 000-მდე ამერიკელი, ასევე მოკავშირე და პარტნიორი 26 ქვეყნიდან 17 000 სამხედრო. წვრთნები ევროპის 10 სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება. აშშ-ს ძალების გარდა მონაწილეობას მიიღებენ სამხედროები ალბანეთიდან, ბოსნია-ჰერცეგოვინიდან, ბულგარეთიდან, ხორვატიიდან, ჩეხეთიდან, დანიიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, კოსოვოდან, მოლდოვიდან, მონტენეგროდან, ნიდერლანდებიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვენიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს Defender 23-ის სიის საკითხზე დაუკავშირდა რადიო თავისუფლების სომხური სამსახური. მათ მხოლოდ ის უთხრეს, რომ წელს სომხეთი მონაწილეობას მიიღებს ევროპაში აშშ-ს სახმელეთო ძალების მიერ ორგანიზებულ სხვა ორ სამხედრო წვრთნებში – KFOR-ისა (კოსოვოს ძალები) და Sabre Junction-ის ვარჯიშებში.

12 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ მოსკოვმა ერევანს აშშ-ს სწავლებებში მონაწილეობაზე განმარტება მოსთხოვა.

"აშშ და მისი მოკავშირეები ცდილობენ რეგიონის ქვეყნების ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობის დისკრედიტაციას, ითრევენ მათ სხვადასხვა ფორმატის ურთიერთქმედებებში. ისინი ცხადად ატარებენ ანტირუსულ სახეს, რომ არაფერი ვთქვა რუსოფობიაზე. NATO-ს მსგავს მოქმედებებს სხვადასხვა რეგიონებში დესტაბილიზაციურ სიტუაციებამდე, კონფლიქტების პოტენციალის ზრდამდე და ახალი გამყოფი ხაზების შექმნამდე მივყავართ". – თქვა ზახაროვამ.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 2021 წელს სომხეთი ახლოს იყო აშშ-ს საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში საკუთარი სამხედროების გაგზავნასთან, თუმცა თავი ბოლო მომენტში შეიკავეს. მაშინ აღნიშნეს, რომ სომეხი სამხედროები მონაწილეობას მხოლოდ NATO-ს იმ წვრთნებში მიიღებდნენ, რომლებიც სამშვიდობო ოპერაციების სიმულაციები იქნებოდა.

10 იანვარს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2023 წელს მისი ქვეყნის ტერიტორიაზე ОДКБ-ს წვრთნები არ ჩატარდებოდა. მან სწავლებას არსებულ სიტუაციასთან შეუსაბამო უწოდა. სომხეთი რუსეთის მიერ გაძღოლილი ОДКБ-ს წევრია.

კომენტარები