რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის პროკურატურას ალა პუგაჩოვას საფინანსო საქმიანობის გადასამოწმებლად მიმართეს

რუსული სამთავრობო მედია, TASS-ის ინფორმაციით, უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელმა, ვიტალი ბოროდინმა გენერალურ პროკურატურას ცნობილი რუსი მომღერლის, ალა პუგაჩოვას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. ბოროდინი პუგაჩოვას მიერ უკრაინული სამხედრო ძალების შესაძლო დაფინანსების გადამოწმებას ითხოვს.  

ბოროდინის მიმართვაში ნათქვამია, რომ ისრაელში ცხოვრების მიუხედავად, პუგაჩოვა უკრაინაში სპეცოპერაციის კრიტიკას აგრძელებს. ასევე, ის მხარს უჭერს კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწეებს, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, აქტიურად აკრიტიკებენ სპეცოპერაციას და ფინანსურ დახმარებას უწევენ უკრაინას. 

ბოროდინის მტკიცებით, პუგაჩოვას კავშირი აქვს დასავლეთის სპეცსამსახურებთან. 

გასულ წელს, სექტემბერში რუსეთის არმიის დისკრედიტაციის გამო პუგაჩოვას წინააღმდეგ საჩივარი შევიდა. საჩივარი პუგაჩოვას მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა, სადაც ის უცხოეთის გავლენის აგენტად აღიარებას ითხოვდა. 

"მივმართავ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს. გთხოვთ ჩამრიცხოთ უცხოეთის აგენტების რიგებში, ვინაიდან სოლიდარული ვარ ჩემი ქმრის(მაქსიმ გალკინი) მიმართ, რომელიც არის პატიოსანი, გულწრფელი, ნამდვილი და მოუსყიდავი პატრიოტი ადამიანი, რომელსაც სურს სამშობლოს განვითარება, მშვიდობიანი ცხოვრება, სიტყვის თავისუფლება, ასევე, სურს შეწყდეს ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვა ილუზორული მიზნებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას გარიყულს ხდის და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას ართულებს". - წერდა მომღერალი სოციალურ ქსელში

კომენტარები