რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონური მედიის ცნობით, საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას აფერხებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი

პოლონური მედიის ცნობით, საფრანგეთი ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებით აფერხებს.

ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მარტში ევროკავშირის სამიტზე მიიღეს. ამისთვის საჭირო €2 მლრდ ევროპული სამშვიდობო ფონდიდან უნდა გამოიყოს. თუმცა სამიტზე მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის ქცეული იურიდიულ დოკუმენტად. ამ საქმეზე მსჯელობა ამ დრომდე გრძელდება.

აღნიშნული €2 მლრდ-დან ნახევარი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის საბრძოლო აღჭურვილობის ანაზღაურებას მოხმარდება. თუმცა ამჟამად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საკმარისი რაოდენობის რაკეტები არ მოეპოვებათ, ამიტომ განიხილება მათი ევროკავშირის მიღმა მოძიება. როგორც პოლონური მედია იუწყება, ამ იდეის წინააღმდეგი საფრანგეთია.

"თუმცა ამას საფრანგეთი ეწინააღმდეგება. ამგვარ ვითარებაში გამოსავალი საჭირო მასალის მესამე ქვეყნიდან მოძიება და სანაცვლოდ მისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან სხვა ტიპის იარაღის გადაცემა იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები". - აღნიშნა ანონიმურმა წყარომ პოლონურ მედიასთან.

პრობლემას წარმოადგენს დარჩენილი 1 მლრდ-ის განაწილებაც.

"საფრანგეთმა დაბლოკა ევროკავშირის გადაწყვეტილება დარჩენილ 1 მლრდ-ზე. პროექტი შეიცავდა დებულებას, რომ საბრძოლო მასალის დანაკლისის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო მხოლოდ უკრაინის მიერ წარდგენილი წინარე მოთხოვნის საფუძველზე. თუმცა რატომღაც პარიზს ამ დებულების წაშლა სურს, თანაც ახსნა-განმარტების გარეშე. ეს აჩენს შესაძლებლობას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ანაზღაურება მოხდეს, მათ შორის იმ ტიპის აღჭურვილობაზეც, რომელიც უკრაინას არ მოუთხოვია. საფრანგეთს ასევე სურს რაკეტების მიწოდებაზე კომპენსაციაც". - წერს პოლონური მედია. 

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა საფრანგეთის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, მათ შორისაა პოლონეთიც.

კომენტარები