უნგრეთი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ენერგო მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო
Szijjártó Péter/Facebook

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო ენერგო საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში ჩაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს

სიიარტომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ენერგო ფორუმში, რა დროსაც იგი ქალაქ სოჭში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. 

Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში სიიარტომ აღნიშნა, რომ მოსკოვში ვიზიტისას რუსეთის სახელმწიფო ატომური ენერგიის კომპანიის (Rosatom) ხელმძღვანელთან, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი უნგრეთის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის დაგეგმილი გაფართოების შესახებ ისაუბრებდა. 

სიიარტოს თქმით, პროექტი "უნგრეთის სტრატეგიულ და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია".

"გლობალური ენერგეტიკული კრიზისი ნიშნავს იმას, რომ ქვეყნისთვის უპრეცედენტო მნიშვნელობა აქვს ენერგიის წარმოებას. პაკსის ატომური ელექტროსადგური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში". - წერს სიიარტო.

როგორც Bloomberg წერს, მანამდე, თებერვალში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსს ეწვია, სადაც იგი ენერგეტიკის საკითხებში რუსეთის ვიცეპრემიერს, ალექსანდრე ნოვაკსა და სახელმწიფო ბირთვული კომპანია Rosatom-ის აღმასრულებელ დირექტორს, ალექსეი ლიხაჩოვს შეხვდა. 

მედიის ცნობით, ნოვაკი და ლიხაჩოვი უკრაინისა და მისი ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნისგან არიან დასანქცირებულები. 

აღსანიშნავია, რომ პიტერ სიიარტო გასულ კვირას საქართველოშიც იმყოფებოდა და ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს შეხვდა. 

ილია დარჩიაშვილმა შეხვედრის ამსახველი კადრი Twitter-ზე ატვირთა, წარწერით:

"ყოველთვის სასიამოვნოა, როცა საქართველოს ნამდვილ მეგობარს მასპინძლობ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო თბილისშია".

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მიერ უნგრელი კოლეგის, პეტერ სიიარტოს საქართველოს ნამდვილ მეგობრად მოხსენიებას გამოეხმაურა. 

"ღმერთო ჩემო. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს ნამდვილი მეგობრის წოდება ყველაფერზე მეტყველებს. მთავრობა, რომელმაც ევროკავშირის წევრად ყოფნის მიუხედავად, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ამოძირკვა. უნგრეთში რუსეთის დე-ფაქტო მარიონეტული რეჟიმია, რომელიც თითქმის არანაირ მხარდაჭერას არ გამოხატავს უკრაინის მიმართ". - წერს კრამონი Twitter-ზე. 

კომენტარები