რუსეთი-ჩინეთი

ლოიდ ოსტინი: სი ძინფინგის პუტინთან შეხვედრა ძალიან შემაშფოთებელია

მოსკოვი, რუსეთი - სი ძინფინგის ვიზიტისას, 21 მარტი, 2023
Pavel Byrkin/Sputnik/Kremlin Pool/AP

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, სი ძინფინგის პუტინთან შეხვედრა შემაშფოთებელია.

სი ძინფინგი ამ კვირის დასაწყისში სამდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოდებოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. დასავლეთი ოფიციალურ ვიზიტს პეკინის რუსეთისადმი გაზრდილ მხარდაჭერად მიიჩნევს.

"სი ძინფინგის ვიზიტი პუტინთან და იქ რამდენიმე დღით დარჩენა, ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელ გზავნილს, მხარდაჭერის გზავნილს ატარებს". - აღნიშნა ოსტინმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი თვალყურს ადევნებდნენ ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს რუსეთში და ელიან, რომ პეკინი მოსკოვზე თავის გავლენას გამოიყენებს, რათა აიძულოს იგი შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.

სი ძინფინგი რუსეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ეს ქვეყნის გარეთ ჩინეთის ლიდერის პირველი ოფიციალური ვიზიტია. 

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩინელ კოლეგას სი ძინფინგს "ძველი კარგი მეგობარი" უწოდა. პუტინის წერილი ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტამდე გამოქვეყნდა - ამით რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ იგი გლობალურად იზოლირებული არაა და კიდევ ერთხელ დაადასტუროს ლიდერების მყარი კავშირი.

კომენტარები