რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვის პროკურატურა ვალერი მელაძეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსებაზე შეამოწმებს

მოსკოვის პროკურატურა მომღერალ ვალერი მელაძეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსების საქმეზე შეამოწმებს.

"ამჟამად მოსკოვის პროკურატურას დაევალა ვ.შ. მელაძის მიმართ შემოწმების ჩატარება, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფინანსური დახმარების გაწევასთან დაკავშირებით". – თქვეს რუსულმა სამსახურებმა სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან და დასძინეს, რომ შესაბამისი ბრძანება რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გასცა. 

ამ წლის იანვარში რუსეთში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა მომღერლის ნათქვამ სიტყვებს: "Героям слава", რომელიც თქვა შეძახილის - Слава Україні-ის პასუხად. 

დუმის დეპუტატი, ელენა აფანასიევა მელაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვდა.

იანვრის აჟიოტაჟთან დაკავშირებით მელაძემ კომენტარი მალევე გააკეთა.

"ხალხო, მინდა, რომ მომისმინოთ და გაიგოთ ჩემი სიტყვები. აი, უკვე 10 თვე მე, ისევე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, ვცხოვრობ სიმძიმისა და სევდის შეგრძნებით. ასე გამოვიდა, ჩემს ძლიერ საყვარელ ერებს კონფლიქტი აქვთ, რომელშიც ადამიანები იღუპებიან. მე არ შემიძლია და არ მინდა, ვინმეს ვერ ვიტანდე და არ ვცდილობ, ვინმეს ვასიამოვნო. მე მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ანტაგონიზმი შეწყდეს და ახლობელ ერებს შორის შეთანხმება აღდგეს. მზად ვარ, ამაში მთელი ჩემი ენერგია ჩავდო". – ამბობდა მელაძე.  

მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ვალერი მელაძის კონცერტები, რომლებიც რუსეთის რამდენიმე ქალაქში იგეგმებოდა, გაუქმდა. მიზეზი უცნობია.

კომენტარები