ქართული ოცნება

ფუკუიამა & ევგენიძე: საქართველოში რუსული ყაიდის ავტორიტარიზმი მკვიდრდება

გამოცემა Foreign Affair-ში ამერიკელი პოლიტოლოგისა და ფილოსოფოსის, ფრენსის ფუკუიამასა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის თანაავტორობით სტატია გამოქვეყნდა სათაურით - "რუსეთი საქართველოში იმარჯვებს"

ავტორების შეფასებით, იმის გამო, რომ აშშ და NATO-ს მოკავშირეები უკრაინაში მიმდინარე ომზე არიან კონცენტრირებული, რუსეთის სხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს საკუთარ ორბიტაზე გადმოყვანის მცდელობები შეუმჩნეველი დარჩა.

"გარდა იმისა, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უკრაინას რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში მხარი არ დაუჭირა, დასავლეთის სანქციებთან შეერთებასა და სავაჭრო შეზღუდვების დაწესებაზე უარის თქმით მოსკოვის კეთილგანწყობაც დაიმსახურა და ქვეყნის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დარბევის რუსული სტილიც მოირგო. მარტში მათ სცადეს კანონის მიღება, რომელიც პროდასავლურ და პროდემოკრატიულ არასამთავრობო ორგანიზაციებს "უცხოური გავლენის აგენტებად" ნათლავდა. მოსკოვის მხარდაჭერითა და წახალისებით, საქართველოში რუსული ყაიდის ავტორიტარიზმი მკვიდრდება". - ვკითხულობთ სტატიაში. 

ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ავტორიტარიზმისკენ სვლას კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ ამ ტრაექტორიას ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს, რომელიც მოქმედი მმართველი ძალის, "პრორუსული, პოპულისტური პარტიის" დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარეა. მათივე თქმით, ივანიშვილი, რომელიც ქვეყანას მარიონეტების ხელით მართავს, შიშობს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო დემოკრატიული კრიტერიუმების დაკმაყოფილებით საფრთხე მის პოლიტიკურ ძალაუფლებას შეექმნება.

"უკრაინელი ოლიგარქებისგან განსხვავებით, რომლებსაც პოლიტიკური გავლენისთვის ბრძოლა მოუწიათ, ივანიშვილს საქართველოში მცირე კონკურენცია დახვდა, რამაც მას მოსყიდვისა და ხელისუფლების სამივე შტოზე გავლენის მოპოვების შესაძლებლობა მისცა. უნგრეთისა და რუსეთის მსგავსად, ქართული ოცნება ინსტიტუტებს არჩევნების გზით თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს, ისევე, როგორც მოსკოვთან კავშირების გასაძლიერებლად". - წერია სტატიაში. 

გარდა ამისა, ფუკუიამამ და ევგენიძემ დასავლელ მოკავშირეებს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ, ხოლო მთავრობის წევრებისა და ისეთი ქართული კომპანიების, რომლებიც რუსეთს დასავლეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების თავიდან აცილებაში ეხმარებიან, დასანქცირებისკენ მოუწოდეს. 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ მაშინ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ფინეთი NATO-ს შეუერთდა, შვედეთი სამხედრო ალიანსში გაწევრიანების გზაზეა, უკრაინამ და მოლდოვამ კი ევროკავშირს დაჩქარებული წევრობის თხოვნით მიმართეს, ქართული ოცნების პრორუსული ორიენტაციის გამო, თბილისი ამ ტენდენციასაც არ იზიარებს - მათი თქმით, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანებას ცდილობენ, საქართველოს ხელისუფლება კი საპირისპირო მხარეს იხედება. 

"სანამ ივანიშვილი და მისი პარტია მართავს საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანება წარმოუდგენელია, მაგრამ დასავლეთის ნებისმიერი მცდელობა, დასაჯოს ქართული ოცნება ევროკავშირში გაწევრიანების იმედის გაქრობით, უპირატესობას მხოლოდ ივანიშვილს მისცემს, ვინაიდან ის აქამდე ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვას კანონის უზენაესობის დარღვევით ცდილობდა. ამის ნაცვლად, უკეთესი გზა ივანიშვილის სანქცირებულთა სიაში დამატება და მისი აქტივების გაყინვაა. 2023 წლის 5 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა - სავარაუდოდ, ეს ივანიშვილისა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის გაფრთხილებაა, რომ სიაში შემდეგი შესაძლოა თავად აღმოჩნდნენ. 

უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ მასშტაბური პროტესტის გამო ქართულმა ოცნებამ კანონი დროებით გააუქმა, მაგრამ ის ნებისმიერ დროს შესაძლოა თავიდან დააინიცირონ, რადგან მთავრობა, სავარაუდოდ, თვლის, რომ ოპოზიციური ტალღის ჩაცხრობის შემდეგ საკუთარი ნების გატანას მაინც შეძლებს". - წერია სტატიაში. 

კომენტარები