თალიბანი

თალიბანის მიერ ქალების UN-ში მუშაობის აკრძალვის გამო, სამსახურში არც კაცები გამოცხადდნენ

გაეროს ინფორმაციით, სოლიდარობის ნიშნად, გაეროში მომუშავე ავღანელი კაცები სამსახურში არ გამოცხადდნენ. 5 აპრილს თალიბანის ბრძანებით ავღანელ ქალებს გაეროში მუშაობა აეკრძალათ.

გაეროს კოორდინატორმა ავღანეთში, რამიზ ალაკბაროვმა თალიბანის გადაწყვეტილებას "ადამიანის უფლებების დარღვევა" უწოდა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ "ავღანელი ქალების სიცოცხლე საფრთხეშია". 


"ეს არის უახლესი შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც ძირს უთხრის დამხმარე ორგანიზაციების უნარს მიაღწიონ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენ არ შეგვიძლია ფუნქციონირება და სიცოცხლის გადარჩენა ქალი პერსონალის გარეშე". - თქვა გაეროს სპიკერმა.

გაერომ თალიბანის ბრძანებას "მიუღებელი და წარმოუდგენელი" უწოდა.

გაერო 23 მილიონი ადამიანისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე მუშაობს, რომლებიც მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისის გამო იტანჯებიან. ქალები კი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დამხმარე ოპერაციების დროს. 

თალიბებმა ხელისუფლებაში მოსვლისას განაცხადეს, რომ ისინი მათი პირველი მმართველობის დროს არსებულ მკაცრ კანონებს აღარ დააწესებდნენ, თუმცა თანდათანობით უფრო და უფრო მეტი შეზღუდვა ამოქმედდა, განსაკუთრებით კი ქალებზე.

ავღანეთში ქალებს მე-6 კლასის შემდეგ სკოლაში სიარული ეკრძალებათ, ბევრი მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამასთან, თალიბები მოითხოვენ, რომ ქალებმა გარეთ ყოფნისას სახე დაიფარონ. 

რედაქტირება

კომენტარები