რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიანსკის გუბერნატორის მტკიცებით, ოლქში უკრაინული დივერსიული ჯგუფის შესვლა აღკვეთეს

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ ბოგომაზი წერს, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველომ უკრაინელების დივერსიული ჯგუფის მიერ სახელმწიფო საზღვრის დარღვევის მცდელობა აღკვეთეს. 

"დღეს ბრიანსკის ოლქში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განყოფილების სასაზღვრო სამმართველომ აღკვეთა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეღწევის მცდელობა 20-კაციანი უკრაინული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის მიერ, პოგარსკის რაიონში მდებარე სოფელი სლუჩოვსკში". – წერს ბოგომაზი. 

ბოგომაზის მტკიცებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სასაზღვრო სამსახურმა მოწინააღმდეგე დაამარცხა.

აქამდე ბოგომაზი წერდა, რომ უკრაინულმა მხარემ პოგარსკის რაიონის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, მისივე მტკიცებით, 10 საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი დაზიანდა.

ამას გარდა, გასულ დღეს რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ დააკავეს უკრაინელი პილოტი, რომელიც მსუბუქ თვითმფრინავს მართავდა, სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და ბრიანსკის ოლქში შევიდა. მათივე  მტკიცებით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის გვერდზე იპოვეს ჯავშანჟილეტი და ავტომატი. გავრცელებულ ვიდეოში პირი, რომელიც რუსული მხარის მტკიცებით პილოტი იყო, ამბობდა, რომ მან არ იცოდა რა მიმართულებით მიფრინავდა. 

2 მარტს რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა

თავდაპირველად ბრიანსკში მომხდარ შეტაკებაში რუსეთი უკრაინელ დივერსანტთა ჯგუფს ადანაშაულებდა. შემდეგ რუსული მოხალისეთა კორპუსის წევრებმა გაავრცელეს ორი ვიდეომიმართვა, რომელშიც მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღეს და რუსეთის მოქალაქეებს ვლადიმირ პუტინის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდეს.

რუსეთი ჯგუფს სამოქალაქო პირის მკვლელობასა და შეუიარაღებელი ხალხისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, თუმცა ლიდერები და წევრები ამ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებენ.

რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინის მხარეს მებრძოლი ჯგუფია, რომელიც 2022 წლის აგვისტოში დაარსდა.

კომენტარები