ოკუპირებული აფხაზეთი

რუსეთი თურქეთში ტვირთის გადასატანად ოკუპირებულ აფხაზეთს იყენებს

TASS

რუსეთმა თურქეთში ტვირთების გადასატანად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გამოყენება დაიწყო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალიას ლაბახუამ დაადასტურა გასულ დღეებში გავრცელებული ინფორმაცია რუსეთიდან თურქეთში ტვირთის გადატანის შესახებ.

"ცოტა ხნის წინ ჩვენთან ჩამოვიდა მატარებელი, რომელიც 62 კონტეინერს მოიცავდა. ეს იყო ტვირთის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან თურქეთში. მატარებელი შეუყოვნებლად გავიდა, საბაჟოს სამსახურის მხრიდან არანაირი შეფერხება არ ყოფილა. ეს პირველი მერცხალი არაა, სხვა ტრანზიტებიც იყო, თუმცა მცირე პარტიებით, მოწმდებოდა მარშრუტი, მონიტორინგი". – თქვა ლაბახუამ.

ლაბახუას თქმით, ამ გზით მარიონეტული რეჟიმის ბიუჯეტი "კაპიკ-კაპიკ" გროვდება.

"აფხაზეთისა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საქონლის შეუფერხებელი ტრანზიტი მათი სახელმწიფოების ტერიტორიის გავლით. საბაჟო გადასახადი მცირეა, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი პროცედურის ჩატარება ბევრზე მეტყველებს: დღეს ერთი მიწოდება, ხვალ - მეორე და ასე, როგორც იტყვიან, "კაპიკ-კაპიკ" გროვდება ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტი". – აღნიშნა ლაბახუამ.

როგორც გამოცემა SOVA იუწყებოდა, სოხუმიდან თურქეთში ტვირთის გადასაზიდად, სავარაუდოდ, გემი Anatolian-ი გამოიყენეს.

რუსეთი, მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა და საერთაშორისო სანქციები დაუწესეს, შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის გზებს ეძებს.

კომენტარები