რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: რუსეთი ქალაქ ბახმუტის დაახლოებით 65%-ს აკონტროლებს

უკრაინელი სამხედრო, ბახმუტი
AP/Efrem Lukatsky

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 28 მარტის ანგარიშის მიხედვით, ბოლო ერთ კვირაში რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ ბახმუტის კიდევ 5% დაიკავეს და ამჟამად საერთო ჯამში, დაახლოებით 65%-ს აკონტროლებენ.

ომის კვლევის ინსტიტუტი მედიაში გავრცელებული ცნობების, ვიდეომასალებისა და გეოლოკაციური კადრების ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფმა ბახმუტის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სამრეწველო კომპლექსი AZOM-ი დაიკავა და ქალაქის ცენტრისკენ, ბაზრის და კულტურის სახლის რაიონში წინ წაიწია.

დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ბრძოლები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ექსპერტის, ივან კირიჩოვსკის თქმით, ბახმუტის მიმართულებით რუსებმა იმდენი ცოცხალი ძალა დაკარგეს, რაც კიევის წინააღმდეგ მორიგი კამპანიისთვის იქნებოდა საკმარისი. 

დასავლეთის ცნობით, ბახმუტისთვის ბრძოლებში სულ მცირე 30 ათასი დამპყრობელი არის ლიკვიდირებული.

კომენტარები