პირადი ცხოვრებით შანტაჟი

ინტიმური ვიდეოების გავრცელება, შანტაჟი, იძულება - საგამოძიებომ 4 პირი დააკავა და 1 ამხილა

საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულების, პირადი მიმოწერის გავრცელებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის 5 ფაქტი გახსნა. აქედან ოთხი პირი დააკავეს, ერთს ჯერჯერობით მხოლოდ ბრალი აქვს წარდგენილი.

1. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბ.ტ., 2022-2023 წლებში, Facebook-ის მეშვეობით მოტყუებით მოპოვებულ, დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველ ვიდეოებს უკანონოდ ინახავდა.

"გარდა ამისა, ბრალდებულმა ვიდეოების გავრცელების მუქარით, ქალს შიშველი სხეულის ამსახველი სხვა ვიდეოების  გაგზავნა და მის მიერ დასახელებულ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოსთხოვა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით დაირღვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი თავისუფლება" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ბ.ტ. 2023 წლის  14 მარტს დააკავა, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2. გამოძიების ინფორმაციით, 2022 წლის 8 აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში, 2002 წელს დაბადებულმა ლ.ხ.-მ დაზარალებულთან სატელეფონო კომუნიკაციის, ასევე შეხვედრების დროს, მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციის და ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეოჩანაწერის გახმაურების მუქარით, სქესობრივი კავშირი იძულებით რამდენჯერმე დაამყარა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული 2023 წლის 23 იანვარს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე ამხილა 1974 წელს დაბადებული გ.ქ. 

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ქ.-მ, 2020 წლის სექტემბერში, სხვა პირისადმი მესაკუთრეობითი დამოკიდებულების მოტივით, უკანონოდ მოიპოვა და გახსნა დაზარალებულსა და მესამე პირს შორის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ არსებული მიმოწერა, გაეცნო შინაარსს და გადაიღო მიმოწერის ამსახველი ფოტოები, ე.წ. სქრინშოთები. მიუხედავად დაზარალებულის მოთხოვნისა, რომ მასალა წაეშალა, გ.ქ. კუთვნილ მობილურ ტელეფონში მათ უკანონოდ ინახავდა, რითაც ხელყო დაზარალებულის პირადი მიმოწერის საიდუმლოება" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ასევე, მიმდინარე წელს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვა პირის ინტიმური შინაარსის ფოტოს, ვიდეოს და  პირადი კომუნიკაციის ამსახველი მიმოწერების მოპოვების და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გავრცელებისთვის დაკავებული იქნა 2 პირი - გარდაბანის რაიონში მცხოვრები 2000 წელს დაბადებული ნ.ი. და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1985 წელს დაბადებული ა.ყ. 

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენადბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები