დიმიტრი მედვედევი

მედვედევი: რუსეთის პრეზიდენტის დაკავება რუსეთის ფედერაციასთან ომის გამოცხადება იქნება

დმიტრი მედვედევი
ТАСС

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა თქვა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) კომპეტენცია რუსეთისთვის უმნიშვნელოა და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტის დაკავება რუსეთის ფედერაციასთან ომის გამოცხადება იქნება.

რუსულ საინფორმაციო სააგენტოებთან ინტერვიუში მედვედევმა გერმანიის იუსტიციის მინისტრის სიტყვები გაიხსენა, რომ თუ პუტინი მათ ქვეყანაში ჩავა, აუცილებლად დააპატიმრებენ.

"მოდით წარმოვიდგინოთ - გასაგებია, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც არასოდეს მოხდება, მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ, რომ მოხდა. ბირთვული სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური ჩავიდა, ვთქვათ, გერმანიის ტერიტორიაზე და დააკავეს. ეს არის ომის გამოცხადება რუსეთის ფედერაციისთვის!" - თქვა მედვედევმა.

მან ICC-ს ერთგვარი იურიდიული არარაობა უწოდა, "რომელსაც დაარსების დღიდან არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია".

მედვედევის თქმით, ICC-ს მუშაობის დროს "არაფერი სერიოზული არ გაკეთებულა, მაგრამ მათ გადაწყვეტილებებს აქვთ შედეგები - ისინი ქმნიან უდიდეს ნეგატიურ პოტენციალს. ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან ცუდი ურთიერთობა დასავლურ სამყაროსთან, ალბათ, მთელი ისტორიის განმავლობაში ამდენად ცუდი არასდროს ყოფილა". 


17 მარტს უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

სასამართლოს წინასწარი სხდომის მოსამართლეებმა შეაფასეს, რომ არსებობს "გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში".

მოსკოვმა განაცხადა, რომ ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს. 

კომენტარები