აშშ

დესანტისი: პუტინი ომის დამნაშავეა, მან ამაზე პასუხი უნდა აგოს

"ვფიქრობ, რომ ის ომის დამნაშავე და მან ამაზე პასუხი უნდა აგოს". – ამბობს ფლორიდის რესპუბლიკელი გუბერნატორი და აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო კანდიდატი, რონ დესანტისი პირს მორგანთან მიცემულ ინტერვიუში.

მორგანმა დესანტისს ჰკითხა, რას ფიქრობს ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე.

"ვფიქრობ, მას აქვს დიდი ამბიციები. მიმაჩაჩნია, რომ ის მტრულად არის განწყობილი აშშ-ს მიმართ, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ მას არ აქვს იმის კონვენციური შესაძლებლობები, რომ თავისი ამბიციების რეალიზება მოახდინოს. ამიტომ, პრინციპში, ის არის ბენზინგასამართი სადგური ბირთვული იარაღებით და ერთ-ერთი, რაც შეგვიძლია უკეთ გავაკეთოთ, არის რომ აშშ-ში გამოვიყენოთ ჩვენივე ენერგეტიკული რესურსები". – თქვა დესანტისმა.

დესანტისმა რამდენიმე კვირის წინ Fox News-თან რუსეთ-უკრაინის ომი დაახასიათა, როგორც "ტერიტორიული დავა". მორგანმა მას ჰკითხა, ნანობს თუ არა ის Fox News-თან რუსეთ-უკრაინის ომის "ტერიტორიულ დავად" მოხსენიების გამო.

დესანტისის თქმით, მისი სიტყვები არასწორად იყო წარმოჩენილი.

"ვფიქრობ, რომ ეს არასწორად იყო წარმოჩენილი. ცხადია, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ეს არასწორია. ისინი შეიჭრნენ ყირიმში და ის მიიტაცეს 2014-ში, ესეც არასწორი იყო". – ამბობს დესანტისი.

დესანტისის თქმით, ეს არის რთული ომი, რადგან აღმოსავლეთ უკრაინაში ბევრი ეთნიკურად რუსი ცხოვრობს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს არ შესწევს უკრაინის სუვერენიტეტისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის ძალა, შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ აშშ-ს დამატებითი ჩართვა ომში საჭირო არ არის.

"რასაც ვგულისხმობ, არის ის ადგილები, სადაც ბრძოლა მიმდინარეობს, რაც არის აღმოსავლეთის საზღვრის რეგიონი დონბასი და შემდეგ ყირიმი. გვაქვს სიტუაცია, სადაც რუსებს ისინი ჰქონდათ. არ მგონია, რომ ლეგიტიმურად, მაგრამ ჰქონდათ. მანდ ბევრი ეთნიკურად რუსია. შესაბამისად, ეს რთული ბრძოლაა და თუ უფრო გარკვევით უნდა მეთქვა ეს, ვიტყოდი, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი არის ის, რომ რუსეთს არ აქვს იმის შესაძლებლობა, დაიპყროს უკრაინა, დაამხოს ხელისუფლება და მითუმეტეს, დაემუქროს NATO-ს. ეს კარგია. უბრალოდ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს საკმარისად არის ჩვენს ინტერესში, რომ მეტი ჩართულობის ესკალაცია მოვახდინოთ. არ მსურს, რომ ვნახო იქ ჩართული ამერიკელი ჯარისკაცები. მაგრამ ის, რომ მე რამენაირად ვამართლებ რუსეთის ქმედებას, ეს აბსურდია. [...] რომ შემეძლოს ხელის ერთი მოძრაობით ამის გაკეთება, მე უკრაინას 100%-ით დავუბრუნებდი [ტერიტორიებს]. მაგრამ რეალობა არის ის, რომ აშშ-ს ჩართულობა დამატებითი იარაღით და მითუმეტეს ქვეითი ჯარისკაცებით ვფიქრობ შეცდომა იქნებოდა. სწორედ ეს არის, რის თქმასაც ვცდილობდი, მაგრამ რუსეთი არასწორად მოიქცა, როდესაც შეიჭრა უკრაინაში და არასწორი იყო, როდესაც ყირიმი მიიტაცა". – ამბობს დესანტისი.

დესანტისმა ასევე აღნიშნა, რომ მას არ სწამს, რომ პუტინი ამ ომში გაიმარჯვებს.

"ვფიქრობ, აღმოსავლეთ რეგიონები და ყირიმი შესაძლოა გარკვეული დროით ჩიხში შევიდეს და სამწუხაროდ, თუ ეს ასე მოხდა, ბევრი ადამიანი დაიღუპება. მაგრამ, მე არ მგონია, რომ ეს პუტინის გამარჯვებით დასრულდება. არ ვფიქრობ, რომ ის უკრაინის მთავრობის დამხობას შეძლებს და ეს კარგია". – თქვა დესანტისმა.

14 მარტს გამოქვეყნებული Fox News-ის მიერ შედგენილ სპეციალურ კითხვარში დესანტისმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში დამატებით აქტიურობა აშშ-ს სასიცოცხლო ინტერესებში არ შედის.

2022 წლის ნოემბერში, ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნებისთვის იბრძოდა

ჯერჯერობით, რესპიბლიკურ პარტიაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანია ოფიციალურად სამმა კანდიდატმა, ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, აშშ-ს ყოფილმა ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ და ენტერპრენერმა და მწერალმა, ვივეკ რამასვამიმ დაიწყო. 

მოსალოდნელია, რომ საკუთარ კანდიდატურას ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისიც მალევე წარადგენს, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში 20%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა და ტრამპის ყველაზე ძლიერ კონკურენტად მიიჩნევა.

კვლევების მიხედვით, ნიკი ჰეილის კანდიდატურა მასსა და დესანტის შორის ხმებს გაყოფს, რითიც დონალდ ტრამპი ისარგებლებს და პრაიმერში გამარჯვებას მოიპოვებს.

მანამდე, Yahoo News/YouGov-ის კვლევები ვარაუდობდნენ, რომ დესანტისი მხოლოდ ტრამპთან დაპირისპირებისას 45-დან 41%-მდე მიიღებდა. ეს მაჩვენებელი იზრდებოდა, ტრამპის მხრიდან დესანტისზე თავდასხმების ფონზე.

თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილილი გახდა, რომ ჰეილი კანდიდატურის წამოყენებას გეგმავს, კვლევის შედეგები შეიცვალა. Yahoo-ს მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ჰიპოთეტურ სამმხრივ დაპირპირებაში ჰეილი 11%-ს მიიღებს, ხოლო დესანტისის მხარდაჭერთა რაოდენობა 35%-მდე შემცირდება, შედეგად ტრამპს ორივეზე მეტი ხმა რჩება.

2016 წელს, რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპის პირველი კენჭისყრისას პირველ რაუნდში მას 17 კანდიდატი უპირისპირდებოდა. ტრამპმა საპრეზიდენტო ნომინაცია ხმათა უმრავლესობის მიღების გარეშე მოიპოვა.

კომენტარები