საპენსიო რეფორმა საფრანგეთში

საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს 300-მდე ადამიანი დააკავეს

17 მარტს საფრანგეთში, სპონტანური საპროტესტო აქციების დროს, მთელი ღამის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. პროტესტი პარიზში ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც საპენსიო ასაკი 62-დან 64-მდე ასწია და კანონის მისაღებად პარლამენტისთვის გვერდის ავლა გადაწყვიტა.

ემანუელ მაკრონმა პრემიერმინისტრს, ელისაბედ ბორნს დაავალა კონსტიტუციის 49.3 მუხლის გამოყენება, რომელიც მთავრობას კანონპროექტის პარლამენტის კენჭის ყრის გარეშე მიღების საშუალებას აძლევს. მაკრონის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრები კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ, ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი ეკონომიკური რისკი იქნება.

მაკრონის ოპოზიციონერებმა მთავრობა ბრუტალურ და არადემოკრატიულ მიდგომაში დაადანაშაულეს. ამასთან, დემონსტრანტები დიდ ქალაქებში შეიკრიბნენ და პროტესტის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ბორდოში ათობით მოქალაქე ქალაქის მთავარი რკინიგზის სადგურის ლიანდაგზე დადგა.

პარიზში დემონსტრანტებმა ქუჩებს ცეცხლი წაუკიდეს და მაღაზიების ფასადი დააზიანეს მას შემდეგ, რაც ასობით დემონსტრანტის დასარბევად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

პარიზის პოლიციის თქმით 21:30 საათისთვის უკვე 217 ადამიანი იყო დაკავებული.

საფრანგეთის პარლამენტში მთავრობის უნდობლობის შუამდგომლობას დაყენებას გეგმავენ. 

უნდობლობის შუამდგომლობის დაყენების ინიციატივით, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, ეროვნული გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი, მარინ ლე პენი გამოვიდა. თავისმხრივ, მსგავსი ნაბიჯისთვის მზადყოფნას გამოთქვამს კომუნისტრური პარტიის მდივანი, ფაბიენ რუსელი.

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ასამბლეის წევრების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა დასჭირდება. უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, მთავრობა უნდა გადადგეს. ამავდროულად, თუ უნდობლობის საკითხი არ დაკმაყოფილდება, საპენსიო კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება.


16 მარტს საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა სპეციალური პროცედურა გამოიყენა იმისთვის, რომ არაპოპულარული საპენსიო კანონპროექტი კენჭისყრის გარეშე მიეღო.

გადაწყვეტილება სადავო კანონპროექტის კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღეს, რადგან უმრავლესობის მოპოვების შანსი არ არსებობდა.

საპენსიო რეფორმა საპენსიო ასაკის ორი წლით, 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს. მთავრობის თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელია იმისათვის, რომ საპენსიო სისტემა არ ჩამოიშალოს

კომენტარები