გირჩი - მეტი თავისუფლების, დროას, სტრატეგია აღმაშენებლისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრა გამართეს. განხილვის მთავარი საკითხი საქართველოს ევროპული პერსპექტივა იყო.
ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრმა და ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა აღნიშნა, რომ პროდასავლური ოპოზიცია უნდა იყოს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების დამცველი.
"ნათლად ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს ნამდვილად აქვს დიდი სურვილი შეუერთდნენ ევროკავშირს. სამწუხაროდ, ახლა მთავრობა ხდება მთავარი წინაღობა ამ გზაზე. ვნახეთ პოლიტიკური პროვოკაციები, მათ შორის უცხოური აგენტების შესახებ კანონის სახით. ველი, რომ მსგავსი პროვოკაციები გაგრძელდება. ვფიქრობ, რომ პროევროპული ოპოზიცია არის ის ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქართველი ხალხის ინტერესები და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება". – თქვა კუბილიუსმა.
დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ფორმულასთან თქვა, შეხვედრაზე ასევე აქტიურად იყო განხილული ალტ ინფოს წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის სანქცირების საკითხი.
"რა თქმა უნდა, ის რაც თბილისში ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდებოდა, ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს მათგან, ხალხის ბრძოლის ეს ნათელი მაგალითი და ბუნებრივია, ვისაუბრეთ შემდგომ ნაბიჯებზე, იმიტომ რომ არ ვაპირებთ გაჩერებას და ვაპირებთ, ევროპული პერსპექტივისთვის შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ. ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული თემებია გარდა პოლიტპატიმრებისა და სასამართლო რეფორმისა, სანქციების თემა და ვაპირებთ, რომ მათ შორის მასალა მივაწოდოთ შესაბამის უწყებებს, მათ შორის, აღმასრულებელ ნაწილში, როგორც ალტ ინფოს და მსგავსი ჯგუფების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე, ასევე ზოგადად ივანიშვილის მიმართულებით". – ამბობს ხოშტარია.