რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვა შეეცდება, პრიგოჟინზე შური იძიოს

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 12 მარტის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს შორის კონფლიქტმა, სავარაუდოდ, კულმინაციას მიაღწია, რადგან ბახმუტში ათასობით მებრძოლი დაიღუპა

ISW-ის ვარაუდით, იმ ფაქტს, რომ ვაგნერის ჯგუფი ბახმუტისთვის ბრძოლაში არა მხოლოდ პატიმრებს, არამედ ელიტურ ძალებსაც იყენებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, კერძოდ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი სათავისოდ გამოიყენებენ. ამ გზით ისინი პრიგოჟინის პოზიციებისა და ამბიციების შესუსტებას ეცდებიან. 

ინსტიტუტი იხსენებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სულ უფრო და უფრო უზღუდავდა პრიგოჟინს წვდომას როგორც საბრძოლო მასალაზე, ასევე პატიმრების გადაბირებაზე, რითაც, მას აიძულებდა, რომ საჯაროდ ეღიარებინა, თუ რამდენად იყო დამოკიდებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე.

ISW-ი წერს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, პრიგოჟინზე შურისძიებას იმ კონფლიქტის გამო ცდილობს, რომელიც მან 2022 წლის მაისში წამოიწყო. ანალიტიკოსების ვარაუდით, კრემლმა პრიგოჟინს მხარი დაუჭირა მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ძალების შევსებას მოხალისეებით ცდილობდა.

"პრიგოჟინმა, სავარაუდოდ, დაარწმუნა პუტინი, რომ ბახმუტის აღებას შეძლებდა, თუ მას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მარაგებზე წვდომა ექნებოდა. თავდაპირველად, პუტინმა პრიგოჟინს რესურსებზე წვდომა მისცა, რადგან ის შესაძლოა, ყოფილიყო იმედგაცრუებული რუსეთის სამხედრო მეთაურებით, რომლებიც ხელშესახები შედეგების მიუღწევლად, ფუჭად ხარჯავდნენ რეზერვებს. პუტინის გადაწყვეტილებამ, მიმხრობოდა პრიგოჟინს, სავარაუდოდ, გაანაწყენა შოიგუ და გერასიმოვი, რადგან პრიგოჟინი გასული წლის მაისიდან აწარმოებს დაუნდობელ ცილისმწამებლურ კამპანიას სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ". - წერია ანგარიშში.

საბოლოოდ, ISW-ის ინფორმაციით, პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბახმუტის ოპერაციებზე კონტროლი იანვარში დაუბრუნა, ვინაიდან ვაგნერის ჯგუფმა ბახმუტში დაპირებულ გამარჯვებას ვერ მიაღწია. ასევე, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ შესაძლოა დაარწმუნა პუტინი, რომ ვაგნერის ძალებში რესურსების ჩადება კარგი ინვესტიცია არ არის, რადგან საბრძოლო მასალის ნაკლებობას რუსეთის არმიაც განიცდის.

ISW ასევე წერს, რომ პუტინი, სავარაუდოდ, "შეშფოთებულია" პრიგოჟინის პოლიტიკური ამბიციებით გასული წლის ოქტომბრიდან. პუტინმა, სავარაუდოდ, შეაჩერა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პირდაპირი თავდასხმა პრიგოჟინზე, მაგრამ სანაცვლოდ გაზარდა თავდაცვის სამინისტროს გავლენა. ამ გზით კრემლი დაემუქრა პრიგოჟინს, რომელმაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე გაძლიერებული კრიტიკით, ვაგნერის ჯგუფსა და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტი გააღრმავა. 

კომენტარები