რუსული კანონი

ვოლოდინი: უცხოელი აგენტების კანონპროექტის ჩაგდებით საქართველომ სუვერენიტეტის შანსი დაკარგა

ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, ვაშინგტონმა არ დაუშვა, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფო გამხდარიყო. 

"ამერიკული ექსკლუზიურობის თეორია არის ის, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება და ყველა დანარჩენი უნდა არსებობდეს ვაშინგტონის მიერ ნაკარნახევი წესების მიხედვით.

ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ ეთანხმება ამას,  საპასუხოდ "ფერადი რევოლუცია" ემუქრება". - წერს ვოლოდინი. 

ვოლოდინის სიტყვებით, ამერიკის შეერთებული შტატები ერთპოლუსიანი სამყაროსა და მასში ჰეგემონად ყოფნის მომხრეა მაშინ, როდესაც რუსეთს მულტიპოლარული სამყარო და სამართლიანი მსოფლიო წესრიგი სურს. 

ვოლოდინის მტკიცებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები იმით დასრულდა, რომ რბილი ძალის ბერკეტის გამოყენებით ვაშინგტონმა ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. საქართველოს ხელისუფლება კი იძულებული გახდა დამორჩილებოდა არა ხალხის ნებას, არამედ შეერთებულ შტატებს.

"საქართველოს პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ კანონი მიუღებელი იყო შეერთებული შტატებისთვის. მან შეზღუდა ვაშინგტონის გავლენა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ხოლო კანონპროექტის ჩაგდებით, საქართველომ სუვერენიტეტის შანსი დაკარგა.

P.S. ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერს სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩაურევლობას. 2012 წელს რუსეთში მიღებულ იქნა კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ისინი უფრო ლიბერალურია, ვიდრე შეერთებულ შტატებში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაშინგტონი და ბრიუსელი ჩვენზე ზეწოლას ახდენდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ კანონი გავაუქმოთ.

ჩვენ რთული ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. მაგრამ, ამის მიუხედავად, საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ ყოფნა მინდა ვუსურვო. ისინი ჩვენი მეზობლები არიან". - წერს დუმის სპიკერი Telegram-ზე. 


10 მარტს, პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო. რეგისტრაცია 112-მა დეპუტატმა გაიარა. 1 მომხრე, 35 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები, დანარჩენებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. შესაბამისად, პარლამენტმა კანონის მიღების გადაწყვეტილება ვერ მიიღო და საკანონმდებლო განხილვები შეწყდება.

კომენტარები