დიდი ბრიტანეთი-საფრანგეთი

ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მიგრაციის კონტროლთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

10 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან შესახვედრად საფრანგეთში ჩავიდა. ლიდერებმა არალეგალური მიგრაციის პრობლემაზე მოილაპარაკეს.

შეთანხმების მიხედვით, მიგრანტების შეკავების სანაცვლოდ ბრიტანეთი საფრანგეთს $577 მილიონს გადაუხდის. აღნიშნული თანხა სანაპიროებზე პატრულირების გამკაცრებას, დრონების დამატებასა და მიგრანტებისთვის დროებითი საპატიმროების დამატებას მოხმარდება.

ბრიტანეთში არალეგალი მიგრანტების დიდი ნაწილი საფრანგეთის გავლით ნავების საშუალებით ახერხებს გადასვლას. მედიის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში მიგრანტების რაოდენობა 500%-ით გაიზარდა. გასულ წელს ბრიტანეთში არალეგალურად 45 000 პირი ჩავიდა.

"ახალი დასაწყისის დროა". - თქვა შეხვედრასთან დაკავშირებით ემანუელ მაკრონმა.

შეხვედრისას დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ სამომავლოდ ისინი თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ.


პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, ბრიტანეთში არალეგალურად ჩასული ნებისმიერი პირი ქვეყანაში ვეღარ დარჩება. ახალი კანონი ძალაში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შევა.

"არ შეცდეთ, თუ აქ არალეგალურად მოხვალთ, ვეღარ დარჩებით." - თქვა სუნაკმა გამომცემლობა Mail on Sunday-სთან საუბრისას.

კომენტარები