დიდი ბრიტანეთი-საფრანგეთი

სათევზაო უფლებაზე უთანხმოების ფონზე, ბრიტანეთი და საფრანგეთი ჯერსისკენ ხომალდებს გზავნიან

ბრიტანული საპატრულო ხომალდი HMS Tamar. ჯერსისკენ გაგზავნილი ხომალდებიდან ერთ-ერთი.
CNN

ჯერსის კუნძულთან ფრანგი მეთევზეები ბრიტანეთის წყლებში სათევზაო რეგულაციებს აპროტესტებენ. მათ ჯერსის წმ. ჰელიერის პორტი ნავებით გადაკეტეს. სიტუაციის გასაკონტროლებლად ბრიტანეთმა სანაპიროს ორი საპატრულო ხომალდი ჯერსისკენ გაგზავნა

მედიის ცნობით, სიტუაციის გასაკონტროლებლად სამხედრო საპატრულო ხომალდი გაგზავნა საფრანგეთმაც.

უთანხმოება ბრექსიტის შემდეგ გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებებს მოჰყვა. ფრანგი მეთევზეები ჯერსის თვითმმართველობას შეთანხმებაზე თვითნებური დამატებების გაკეთებას აბრალებენ. ბრექსიტის შემდეგი სავაჭრო შეთანხმების მიხედვით, ჯერსიმ საკუთარ წყლებში ევროპული ხომალდები უნდა დაუშვას. შეთანხმების მიხედვით, იმისათვის, რომ ფრანგ მეთევზეებს ჯერსის ბრიტანულ წყლებში თევზაობის ლიცენზია მიეცეთ, მათ უნდა წარადგინონ ამ ტერიტორიაზე საკუთარი სათევზაო მუშაობის ისტორია. მაგრამ ახლა, ფრანგ მეთევზეებს ბრიტანულ წყლებში სათევზაოდ, ჯერსის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, დამატებითი კრიტერიუმები სჭირდებათ და ახალი შეზღუდვები აქვთ, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია.

პროტესტის ნიშნად, ფრანგმა მეთევზეებმა ნავებით ჯერსის წმ. ჰელიერის პორტი გადაკეტეს. 

ჯერსის მიერ დამატებითი შეზღუდვების დაწესებას გამოეხმაურა საფრანგეთის საზღვაო მინისტრი ანიკ ჟირარდენი. ჟირარდენი ჯერსის კუნძულს ელექტროენერგიის შეწყვეტით დაემუქრა. კუნძულის იმპორტირებული ელექტროენერგიის 95% საფრანგეთიდან წყალქვეშა ელექტროსადენებით მოდის.

"ბრექსიტის შეთანხმებაში [გაწერილი] არის საპასუხო ქმედებები. მზად ვართ მათ გამოსაყენებლად. ჯერსისთან დაკავშირებით, შეგახსენებთ წყალქვეშა სადენების შესახებ... ჩემთვის ამის გაკეთება სამწუხარო რომც იყოს, თუკი ეს საჭირო გახდება, ჩვენ ამას გავაკეთებთ". – თქვა ჟირარდენმა. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ჯერსის ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა და სიტუაციის გასაკონტროლებლად 2 ხომალდის გაგზავნა გადაწყვიტა. 

ჯერსის თვითმმართველობა საფრანგეთს სიტუაციის დიპლომატიურად გადაჭრისკენ მოუწოდებს და სიტუაციას გაურკვევლობას უწოდებს.

ჯერსის კუნძული, რომელიც საფრანგეთის სანაპიროდან 23 კილომეტრის, ბრიტანეთის სანაპიროდან კი 140 კმ-ს დაშორებით მდებარეობს, ოფიციალურად გაერთიანებული სამეფოს წევრი არ არის, მაგრამ მასზეა დამოკიდებული და ექვემდებარება. ჯერსი გაერთიანებული სამეფოს პროტექტორატის ქვეშაა და კუნძულს საერთაშორისო ასპარეზზე ასევე გაერთიანებული სამეფო წარმოადგენს. ჯერსის წყლები ბრიტანული წყლებია. 

 

კომენტარები