რუსული კანონი

რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს ქალაქებში ქალების მარში გაიმართება

8 მარტს, ქალთა მოძრაობა საქართველოს ქალაქებში რუსულ მარშს მსვლელობით გააპროტესტებს. 

"ძალადობაგამოვლილი, რეგიონში მცხოვრები, მიგრანტი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, ხანდაზმული, დასაქმებული, იძულებით გადაადგილებული ქალები, მარტოხელა დედები, შშმ ბავშვების მშობლები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა და სხვა მრავალი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას ვიღებთ.

ამ მხარდაჭერის დაკნინებისა და აკრძალვის შედეგად, ზიანდება მთლიანად საქართველოს მოსახლეობა.

არ გვექნება უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი, ზრუნვაზე, განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა, ვერ დავიცავთ თავს მოძალადეებისგან, არ გვექნება შრომის ელემენტარული პირობები, ბედის ანაბარად მიტოვებული ვრჩებით საზოგადოების უამრავი ჯგუფი - შშმ პირები, ქალები, ბავშვები, და ამ სავალალო მდგომარეობას არავინ გააშუქებს, რადგან არ იარსებებს დამოუკიდებელი და ეთიკური მედია!

 სახელმწიფო, რომელიც ისედაც არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და უყურადღებოდ ვყავართ მიტოვებული, ახლა გეგმავს, შემოიჭრას ჩვენს პირად სივრცეში და ტოტალური კონტროლით შეგვიზღუდოს წვდომა საბაზისო უფლებებსა და მხარდაჭერაზე.

8 მარტს, ქალთა მოძრაობა მთელ საქართველოში მარშს გავმართავთ, რომელშიც ვმონაწილეობთ ყველა, ვის ცხოვრებასაც მნიშვნელოვნად აუარესებს რუსული კანონის მიღება. Ჩვენ ვართ ყველგან და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას!"- აღნიშნულია განცხადებაში. 

მარში გაიმართება შემდეგ ქალაქებში:

  •  თბილისი (ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და მარშით წავალთ პარლამენტისკენ);
  • ქუთაისი (აღმაშენებლის გამზირი #1 - ლადო მესხიშვილის თეატრის წინ);
  • ბათუმი (ვიკრიბებით საქალაქო სასამართლოსთან (ზუბალაშვილის #30) და მარშით წავალთ ევროპის მოედნამდე);
  • ოზურგეთი (ჭადრების ბაღი);
  • ამბროლაური (კოსტავას #28 - ახალ პარკთან);
  •  ბოლნისი (სულხან-საბა ორბელიანის #106 - კულტურის სახლის წინ)
  •  გორი (სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერი);
  • თელავი (სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ);
  • ახმეტა (რუსთაველის #3 - KRDF-ის ოფისის წინ);
  • მარნეული (რუსთაველის ქუჩა #73 - მარნეულის მერიის წინ)

ქალთა მოძრაობის მანიფესტს ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ - shorturl.at/lIPQY

კომენტარები