რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ამ ომის განმავლობაში, ბახმუტს უდიდესი შედეგი მოაქვს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა ქალაქ ბახმუტზე, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

მისი შეფასებით, ბახმუტი "ყველაზე დიდ შედეგს იძლევა".

"ბახმუტმა მოგვცა და გვაძლევს ერთ-ერთ უდიდეს შედეგს ამ ომის განმავლობაში, დონბასისთვის ბრძოლის განმავლობაში. მე მადლობას ვუხდი ყოველ ჯარისკაცს, რომელიც ამ რთული მიმართულებით იბრძვის, ვინც ჩვენი სახელმწიფოს ყოველი ნაწილისთვის იბრძვის, ყოველი მიმართულებით". – თქვა ზელენსკიმ. 

ამას გარდა, ზელენსკის თქმით, ბახმუტის სიტუაციასთან დაკავშირებულ სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნისა და სახმელეთო ჯარების მეთაურს, ალექსანდრ სირსკის პირდაპირ ჰკითხა, უნდა გასულიყვნენ თუ არა ქალაქიდან.

მისივე თქმით, ორივეს პასუხი იყო, რომ ქალაქი არ უნდა დატოვონ და უნდა გამაგრდნენ. ზელენსკიმ მთავარსარდალს მისცა განკარგულება, რომ ბახმუტში უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად შესაბამისი ძალები გამონახოს.

აქამდე, 6 მარტს გერმანული გამოცემა Bild-ი წერდა, რომ ზელენსკისა და მთავარსარდალ ზალუჟნის შორის ბახმუტთან დაკავშირებით უთანხმოება იყო. გამოცემის წყაროების მიხედვით, ზალუჟნიმ რამდენიმე კვირის წინ რეკომენდაციის სახით თქვა, რომ ტაქტიკური მიზნებით, ბახმუტი დაეტოვებინათ, რადგან ამ მიმართულებით რუსეთის გარდა დიდი იყო უკრაინის დანაკარგიც. 

ამერიკული გამოცემის, The Wall Street Journal-ის შეფასებით, ბახმუტის მიმართულებით რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი, რომელიც რუს ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის, უკრაინული ძალების გამოფიტვას ცდილობს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის რამდენიმე დღის წინანდელი ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტში დიდი წნეხის ქვეშ არიან. მათივე ცნობით, ვაგნერი და რუსეთის რეგულარული არმია ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბნებში დაწინაურდნენ. საპასუხოდ, უკრაინა საკუთარი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიას ელიტური რაზმებით ავსებს. ასევე ბრიტანეთის დაზვერვის მიხედვით, ბოლო ორ დღეში ბახმუტში განადგურდა უკრაინული ძალებისთვის მნიშვნელოვანი ორი ხიდი, მათ შორის სასიცოცხლო მნიშვნელობის ხიდი, რომელიც ბახმუტისთვის მთავარი მიწოდების ხაზი იყო და ჩასივ-იართან აკავშირებდა.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ბახმუტის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან ძირითადად ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი იბრძვის.

კომენტარები