სახალხო დამცველი

ქართული ოცნება ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

ლევან იოსელიანი

ფრაქქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. 

"საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას სრული შემადგენლობით დაუჭერს მხარს. მის პიროვნებასთან, მის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არავის ჰქონია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესრულდეს ევრორეკომენდაციის ის პუნქტი, რომელიც სახალხო დამცველის არჩევას შეეხება. ამ ყველაზე წონადი არგუმენტის, ასევე მისი პიროვნული თვისებების, პროფესიონალიზმისა და მისი განვლილი ცხოვრების გამო, საპარლამენტო უმრავლესობა მას ნდობას გამოუცხადებს".- თქვა მდინარაძემ.

 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, საკითხი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე გავა და კენჭსაც პირდაპირ უყრიან. 


2022 წლის 22 დეკემბერს, პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობისთვის 19 კანდიდატიდან ვერცერთი ვერ აირჩია. კანდიდატის არჩევას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5, იგივე 90 დეპუტატი სჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ 90 ადგილი პარლამენტში არცერთ პარტიას არ უკავია, სახალხო დამცველის დამტკიცებას როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის ხმები სჭირდება. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს ანა აბაშიძის, ნაზი ჯანეზაშვილისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურები შესთავაზეს. მათ მხარი დაუჭირა ოპოზიციის დიდმა ნაწილმაც. ჯამში პარლამენტში ომბუდსმენობის 19 მსურველის განაცხადი შევიდა, საბოლოოდ პარლამენტს რვა მათგანზე (ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია) უნდა ემსჯელა, თუმცა, ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას სახალხო დამცველის არჩევა მხოლოდ 5 კანდიდატიდან შესთავაზა, რომელთა შორის არც გიორგი ბურჯანაძეა და არც ანა აბაშიძე. მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობს მომავალი ომბუდსმენი ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის შეარჩიოს.

კომენტარები